თურქული შლაგბაუმი - საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

თურქული შლაგბაუმი - საქართველოსთვის

თურქეთის გადაწყვეტილება, 1-ლი თებერვლიდან სავიზო რეჟიმის გამკაცრების შესახებ, დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს სტრატეგიულ გეგმას, სახელწოდებით "კავკასია - ჩვენი საერთო სახლია".თბილისში ჩასულმა თურქეთის საპარლამენტო დელეგაციამ, საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ვოლკან ბოზქირის მეთაურობით, დაამშვიდა ქართველები, - ეს კანონი ყველა ქვეყანას ეხებაო, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს იმაზე, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრება აზერბაიჯანს არ შეეხება.

ახალი წესების თანახმად, 1-ლი თებერვლიდან თურქეთში უცხოელებს მხოლოდ 3 თვე შეუძლიათ დაჰყონ, შემდეგ კი ქვეყანა უნდა დატოვონ და 3 თვის მერეღა მისცემენ უკან დაბრუნების უფლებას.

ანკარის გადაწყვეტილებამ შეაშფოთა თბილისი, რომელმაც მეზობლების მიმართ მაქსიმალური ღიაობა გამოაცხადა. ახლა პროექტმა, "კავკასია - ჩვენი საერთო სახლია", უსიამოვნო დარტყმა მიიღო თურქეთისაგან და რაც მეტად იცემდა მჯიღს გულში ვოლკან ბოზქირი თბილისში - ახალი სავიზო წესები ანტიქართული ხასიათის არ არისო, მით ნაკლებსარწმუნო ხდებოდა მისი ნათქვამი. საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ირწმუნებიან: რამდენიმე ხნის წინ სტამბოლში სომალელი მეკობრეების ტყვეობისგან გათავისუფლებულთა ქართულ-თურქული საზღვაო ეკიპაჟის შეხვედრის ცერემონიაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ რეჯებ თაიფ ერდოღანს სთხოვა, საქართველოს მოქალაქეებისთვის არ შეეცვალა თურქეთში ყოფნის წესები.

ჩანს, ერდოღანს იმდენად მნიშვნელოვანი მიზეზები ჰქონდა, რომ სტრატეგიული პარტნიორის თხოვნის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა. მათგან ყურადსაღებია ორი სამოტივაციო ვერსია. პირველი, რაზეც ბევრს წერენ თურქეთისა და საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ის არის, რომ თურქეთის ხელისუფლებას ყელში ამოუვიდა ქართული კრიმინალური დაჯგუფებები. საქართველოდან განდევნილები დროებით თავშესაფარს მეტწილად სლავურ სახელმწიფოებში პოულობდნენ, იქიდანაც განდევნილები თურქეთში დაფუძნებას ლამობენ. მათი ინტერესების სფეროში შედის რეკეტი, პროსტიტუცია, არალეგალური ბიზნესი, მათ შორის ნარკოტრაფიკი. ამიტომაც გადაწყვიტა ანკარამ "მეზობლებთან საზოგადოებრივი კონტაქტების" შევიწროება. მეორე ვერსიით - თურქეთი სავიზო რეჟიმს ატარებს რთული რეგიონული ვითარების გამო. ირანის პრობლემა დღითი დღე აქტიურდება. ამის გათვალისწინებით ანკარის ქმედება უცხოელთა მიმართ ლოგიკური ჩანს, თუმცა რეგიონული მასშტაბით სტრატეგიული პარტნიორის მოკავშირეობის, მეზობლობის ცნებას აუფასურებს.

"კომერსანტი", რუსეთი