საქართველოში სამშენებლო ბუმია?! - კვირის პალიტრა

საქართველოში სამშენებლო ბუმია?!

ვინმემ შეიძლება ისიც კი წარმოიდგინოს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოს მმართველი არ გახდებოდა, ის დონალდ ტრამპის ყაიდის დეველოპერობაში გამოიჩენდა თავს.

მთელი მისი მმართველობის განმავლობაში, სააკაშვილმა მშენებლობებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას უამრავი დრო და უძვირფასესი რესურსები შესწირა. საქართველოს ახალი იერსახის შექმნის წახალისების პროცესში, მას თანამედროვე სამოქალაქო არქიტექტურაში ნიჭი აღმოაჩნდა.

საახალწლო მიმართვისას სააკაშვილმა აშკარა სიამაყით აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ბოლო 7 წლის განმავლობაში უფრო მეტი რამ ააშენა, ვიდრე ქვეყანაში "გასული 8 საუკუნის განმავლობაში" აშენებულა. მართალია, ის თავდადებით ცდილობს ქვეყნის იმიჯის გამყარებას არქიტექტურის მეშვეობით, რაც მისასალმებელია, მაგრამ მეთოდები, რომლებსაც მიმართავს, ოპონენტების თქმით, უკეთესის სურვილს აჩენს. მაგალითად, საჯარო პროექტების დაგეგმვისას საჯარო დისკუსიების ნაკლებობაა და, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, დანახარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის დეფიციტიც.

ერთ-ერთი პროექტი, რომლის მიზანიც შავი ზღვის სანაპიროზე ქალაქის, ლაზიკის აშენებაა, ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე საჯარო მშენებლობების ტრანსპარენტულობის საკითხს. ლაზიკის მშენებლობა მთლიანად, სავარაუდოდ, 900 მილიონი ლარი დაჯდება. მაგრამ, გარდა ამისა, ცოტა რამაა ცნობილი, მაგალითად, ის, თუ რამდენი დაიხარჯება მშენებლობაზე გადამხდელთა გადასახადებიდან. არ გავრცელებულა არც ოფიციალური პროექტი, არც დაფინანსების დეტალები. იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ლაზიკას რეგიონში ტურიზმისა და ინდუსტრიის გაზრდის საშუალებად აცხადებს, ოპონენტები მას, როგორც უადგილო პრიორიტეტს, გმობენ, რადგან ქვეყანაში უმუშევრობა და სიღარიბე მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 15.5% უმუშევარია, რაც თითქმის 3%-ით მეტია, ვიდრე 2004 წლამდე იყო, ანუ მანამდე, სანამ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა.

ცენტრალურ საქართველოში, ქალაქ ქუთაისში, პარლამენტის შენობა, რომელიც, როგორც ამბობენ, 55 მილიონი ლარი დაჯდა, კიდევ ერთი ისეთი პროექტია, რომელიც უამრავი დისკუსიის მიზეზი გახდა არქიტექტურისა და მშენებლობის პროცესის გამო. "ნაგებობის დიზაინმა, გარს შემორტყმული თხრილით, რამდენიმე კარგი რეცენზია დაიმსახურა. იმავეს ვერ ვიტყვით მშენებლობის ხარჯების ტრანსპარენტულობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა. მიუხედავად კითხვებისა, რომელიც ხარჯებთან დაკავშირებით ჩნდება, პარლამენტის ახალი შენობა და სხვა საჯარო ნაგებობები ხელისუფლების მიერ ისე განიხილება, როგორც თბილისის რეფორმებისადმი ერთგულების ხელშესახები სიმბოლოები. მაგრამ ოპონენტების მტკიცებით, საჯარო მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობა დემოკრატიზაციას საეჭვოს ხდის. "ჩვენ არ ვიცით, რა გაკეთდა ჩვენი ფულით, გადასახადებით, რომლებსაც ვიხდით და რა გაკეთდა შეერთებული შტატებიდან, ევროპის კავშირიდან, მსოფლიო ბანკიდან და ა.შ.“შემოსული შემოწირულობებით, გრანტებით", - ამბობს სოციალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი მარინა მუსხელიშვილი.

"ევრაზიანეტი", აშშ