საქართველოს დემოკრატიის შესახებ - კვირის პალიტრა

საქართველოს დემოკრატიის შესახებ

ამერიკულმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ "ფრიდომ ჰაუსმა" (Fრეედომ Hოუსე ) ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ახალი დოკუმენტი, რომელშიც შეფასებულია თავისუფლების ხარისხი მთელ მსოფლიოში 2012 წლისათვის. საქართველოს რეიტინგი 2011 წლის შემდეგ არ შეცვლილა - პოლიტიკური თავისუფლებანი შეფასებულია რიცხვით 4, სამოქალაქო უფლებანი - 3-ით. შეფასებათა სკალა 1-დან 7-მდეა. 1-ით აღინიშნება ყველაზე მაღალი ხარისხის თავისუფლება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონული ლიდერია და ყველაზე ქმედითი კავკასიური ქვეყანაა, თბილისის მაჩვენებლები ბოლო ათი წელია, ძირითადად სტაგნაციის მდგომარეობაში რჩება. "ფრიდომ ჰაუსმა" მას "ელექტორალური დემოკრატიის" წოდება მიანიჭა, მაგრამ 2009 წელს, 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მან ეს სტატუსი დაკარგა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელი, ლინკოლნ მიტჩელი პოსტსაბჭოთა გარდამავლობის ექსპერტი და საქართველოში ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი განმარტავს, თუ რაზე მიანიშნებს ეს მაჩვენებლები საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებით დღეს და ზოგადად.

- "ფრიდომ ჰაუსის" ბოლოდროინდელი შეფასებები საქართველოს "ნაწილობრივ თავისუფალი”ქვეყნის" სტატუსს ანიჭებს. მას აღარ აქვს "ელექტორალური დემოკრატიის" სტატუსი. საქართველომ აშკარად მიაღწია წარმატებას დანაშაულისა და კორუფციის შემცირებაში, მაგრამ რატომ არის მისი მაჩვენებლები ძირითადად სტაგნაციაში?

- "ფრიდომ ჰაუსი" ცდილობს, უფრო თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხი გაზომოს და არა მართვისა. "ვარდების რევოლუციის" შემდგომი საქართველოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი ისაა, რომ იმ დროს, როდესაც მათ გააუმჯობესეს მართვა, შეამცირეს წვრილმანი კორუფცია, ბიუროკრატია და სხვა ამგვარი მოვლენები, ძალიან ცოტა რამ გააკეთეს ხელშესახები დემოკრატიული რეფორმების ჩასატარებლად. საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული კარგი საქმეები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამ კარგმა საქმეებმა საქართველო უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნად აქცია. მედიის თავისუფლების მუდმივი პრობლემა, სახელმწიფო ძალაუფლებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, აღმასრულებელი ხელისუფლების დომინირება, ოპოზიციის დევნა და სხვა ამგვარ პრობლემებთან დაკავშირებული ვითარება ამ ბოლო წლებში არ შეცვლილა. მე ვეთანხმები "ფრიდომ ჰაუსის" შეფასებას, საქართველო არც დემოკრატიული ქვეყანაა და არც ავტორიტარული რეჟიმი, ის სადღაც შუაშია. ამიტომაც დაიმსახურა მან "ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის" რეიტინგი.

- ამ წლის ბოლოს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია, ხოლო გაისად - საპრეზიდენტო. რამდენად რეალურია იმის მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებლები ცოტა ხანში გამოსწორდება?

- მე ოპტიმისტურად არ ვუყურებ ამ მაჩვენებლების გამოსწორების შესაძლებლობას მოკლე ხანში. საქართველოს მთავრობა ისეთი არჩევნების მიმდევარია, როდესაც ისიც კმარა, თუ ეუთოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების ძუნწ დასტურს მიიღებენ, თუმცა არჩევნები ისევ საკმარისად უსამართლო რჩება, რათა მმართველი პარტიის გამარჯვება უზრუნველყოს. ვფიქრობ, 2012 წლის არჩევნებზეც იგივე მოხდება. ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკურ სცენაზე გააჩნია პოტენციალი იმისა, რომ ვითარება შეცვალოს, რადგან ის უძლიერესი ოპოზიციური ფიგურაა მათ შორის, ვისთან დაპირისპირებაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მთავრობას მოუხდა და ის არის ერთადერთი ფიგურა, ვისაც მთავრობასთან კონკურირების რესურსი გააჩნია.

- როგორია ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა დემოკრატიის მშენებლობა სწორ გზაზე დააბრუნოს?

- საქართველოს მთავრობა დემოკრატიას სერიოზულად უნდა მოეკიდოს და გააცნობიეროს - რათა ქვეყანამ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. მეტი დემოკრატია აბსოლუტურად აუცილებელია, თუმცა საკმარისი არ არის. თუ ეს არჩევნები და ასევე წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც უკვე დაიწყო, უფრო დემოკრატიულ კონტექსტში წარიმართება, ეს იქნებოდა სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი, მაგრამ, ჯერჯერობით, ჩვენ ამის ნიშნებს ვერ ვამჩნევთ.

"ევრაზია-რევიუ", აშშ