ქართული პარადოქსი - კვირის პალიტრა

ქართული პარადოქსი

როგორც საქართველოს ბოლოდროინდელი გამოცდილება ცხადყოფს, კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიის შენება ორი სხვადასხვა რამ არის.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბედნიერი კაცია, 30 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პატივი დასდო და ოვალურ კაბინეტში უმასპინძლა. ობამას ადმინისტრაციამ დააფასა საქართველო აშშ-ის მხარდაჭერისთვის ერაყსა და ავღანეთში. საქართველომ ქულები დააგროვა ასევე ბოლოდროინდელი ნაბიჯით, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის განმუხტვას.

სააკაშვილი ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამოჩნდა. ბანკმა ისარგებლა შემთხვევით და უაღრესად პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოს ანტიკორუფციულ კამპანიაზე.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებს უამრავი სასარგებლო რამის სწავლა შეუძლიათ საქართველოს გამოცდილებიდან. საქართველოს და სააკაშვილს უთუოდ აქვთ სიამაყის საფუძველი.

მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკის კვლევაში ასევე საკმაოდ დამაინტრიგებელი შენიშვნებია. შესავალ ნაწილში ნათქვამია, რომ საქართველოს დღემდე "არ დაუსრულებია ინსტიტუციონალური რეფორმები, რომლებიც აუცილებელი იქნება კორუფციასთან ბრძოლის შედეგების განსამტკიცებლად, რაც აამოქმედებს შეკავების და საპირწონეთა სისტემას". ირკვევა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში მხოლოდ ანტიკორუფციული კამპანია არ მიმდინარეობს. კორუფციის მასშტაბები შეიზღუდა, თუმცა იმავდროულად გაძლიერდა ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლება.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ქვეყანაში ადრინდებურად თავისუფალი აღარ არის. სააკაშვილის მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", განუხრელად ზღუდავს პრესის დამოუკიდებლობას. ნაციონალურ ტელევიზიებს მთავრობა მკაცრად აკონტროლებს და ამას ადასტურებს ის, თუ როგორ აშუქებენ ისინი ახალ ამბებს. დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე გამოცემა, რომლებსაც ჯერჯერობით აძლევენ მეტ-ნაკლებად თავისუფალი მუშაობის უფლებას, თუმცა რეგიონული გაზეთების და ტელევიზიების უმრავლესობას მთავრობა მეთვალყურეობს.

ქვეყანაში ხელმძღვანელი პოსტების უმრავლესობა სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებს უკავიათ და დომინირებენ როგორც პარლამენტში, ასევე სასამართლო სისტემაში.

საუბარში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახსენა საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომლის შედეგად ძალაუფლება პრეზიდენტისგან პარლამენტისკენ ინაცვლებს. სკეპტიკოსების აზრით, სააკაშვილმა შეიძლება პუტინის მაგალითს მიჰბაძოს, გახდეს პრემიერ-მინისტრი ორი წლის შემდეგ, როცა მისი საპრეზიდენტო ვადა დასრულდება. როდესაც სააკაშვილს ამის შესახებ ჰკითხეს, მან მოკრძალებულად განაცხადა: "ყველაზე მეტად არ მსურს გაკოტრებულ პოლიტიკოსად (ლამე დუცკ) ვიქცე, ჩემს მომავალზე სპეკულირებით".

"პრეზიდენტი კითხვაზე, - გაწუხებთ თუ არა დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში-მეთქი, - პასუხს თავს არიდებს. საქართველოს პოლიტიკური ელიტა მოდერნიზატორი არის, მაგრამ არა დემოკრატი", - წერს თომას დე ვაალი, ვაშინგტონის კარნეგის ფონდის წამყვანი ექსპერტი საქართველოს საკითხებში.

მას ეთანხმება მარკ მალენი (Transparency International). მისი თქმით, პრობლემა ის არის, რომ ენერგიულ ქართველ მმართველებს "მიაჩნიათ, რომ მათ იციან, თუ რისი გაკეთებაა საჭირო, ხოლო მოსახლეობამ ეს არ იცის". სააკაშვილი და მისი გუნდი საუბრობენ საქართველოს თანამედროვე ქვეყნად გადაქცევის აუცილებლობაზე იმ შემთხვევაშიც, "თუკი სასოწარკვეთილი მოსახლეობა ამას შეეწინააღმდეგება". ჯერჯერობით, სააკაშვილის აქცენტი კარგ მმართველობაზე, დაეხმარა მას მაღალი რეიტინგის შენარჩუნებაში ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ მან მოარყია დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძვლები. მალენი კითხულობს, რამდენად დიდხანს შეეგუება ამგვარ კომპრომისს ხელისუფლების მეურვეობაში მყოფი მოსახლეობა და სულ უფრო მარგინალიზებული ოპოზიცია.

"ფორინ პოლისი", აშშ