სააკაშვილის არჩევანი - კვირის პალიტრა

სააკაშვილის არჩევანი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებით აპროტესტებს ნებისმიერ შედარებას მას და მის მოსისხლე მტერს, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შორის."ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო კოლეგიასთან შეხვედრაზე მან გაღიზიანებულმა ჩამოთვალა სხვაობები: პუტინის რეჟიმი კორუფციას ეფუძნება, მისი კი იმითაა ცნობილი, რომ გაწმინდა ერთ დროს გასვრილი პოლიცია და ბიუროკრატია. პუტინი ეომება უმცირესობებს, სააკაშვილის მთავრობამ კი რელიგიური პლურალიზმის დასაცავად სპეციალური კანონი მიიღო; პუტინი ხშირად ეწინააღმდეგება აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, საქართველო კი ამერიკის მტკიცე მოკავშირეა და აორმაგებს თავის კონტინგენტს ავღანეთში.

მაშინ რატომღა ხვდება ქართველი ლიდერი იმავე კონტექსტში ძალაუფლებისმოყვარე რუს კაცთან? 2012 და 2013 წელს სააკაშვილს, რომლის მმართველობის ვადაც იწურება, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ელის. ის არ გამორიცხავს, რომ პუტინის მიერ დაპატენტებულ მანევრს გაიმეორებს. სააკაშვილმა შარშან ისეთ რეფორმას დაუჭირა მხარი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ პრეზიდენტის პოზიცია შეასუსტა, ხოლო ჩვენთან შეხვედრისას, ამ ორი თანამდებობის ერთმანეთით შეცვლის შესაძლებლობა, ზუსტად ისე, როგორც ეს პუტინმა გააკეთა 2008 წელს, ღიად დატოვა - "მე არ მინდა ვიქცე გაკოტრებულ პოლიტიკოსად", - გვითხრა მან.

საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის პირად ამბიციებს, გამართლებული იყო. არჩევნები საქართველოში, მიუხედავად მისი ხარვეზებისა, უფრო სამართლიანი და თავისუფალია, ვიდრე რუსეთში. მაგრამ თუ მომავალი არჩევნების შედეგად შეიქმნება მთავრობა, სადაც დომინანტური როლი ექნება ისევ სააკაშვილს, მისი მოკავშირეები აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებში, ალბათ, დაასკვნიან, რომ ის სულაც არ არის გამონაკლისი რეგიონში. ქვეყნის ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლო, ძველებურად მყიფეა. მედიის დამოუკიდებლობა მერყევია. სააკაშვილის პარტია, ალბათ, დომინანტური იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. თუ ქართული დემოკრატია განმტკიცებას აპირებს, სააკაშვილმა პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო ვადებს და გზა სხვა ლიდერებს დაუთმოს.

პრეზიდენტმა ობამამ, რომელსაც გასული სამი წლის განმავლობაში სააკაშვილისგან თავი შორს ეჭირა, ის თეთრ სახლში მიიღო. სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია. ამ შეხვედრაზე ობამამ მას სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების განხილვის პირობა მისცა.

მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველმა პრეზიდენტმა ობამას ეს ნათქვამიც გაიგონა: "ჩვენ ველით სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და იმას, რომ საქართველოში განხორციელდება ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა". თუ ვაშინგტონი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაასკვნის, რომ ეს მოთხოვნები არ შესრულდა, საქართველოს დიდი პრობლემები ელის იმისდა მიუხედავად, გაიმარჯვებს ობამა არჩევნებში, თუ არა.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ მოამზადა

თინათინ მარგველაშვილმა