"არანაირი რევოლუცია!" - კვირის პალიტრა

"არანაირი რევოლუცია!"

ინტერვიუ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან

- თქვენ დიდხანს იყავით დაკავებული ბიზნესით და ქველმოქმედებით. უცბად პოლიტიკაში აღმოჩნდით. რამ გიბიძგათ ამისკენ?

- 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ეს მთავრობა ხელისუფლებაში არალეგიტიმური გზით მოვიდა, საპრეზიდენტო გუნდს დავემშვიდობე. თვალში საცემი გახდა, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური ბანაკები ისე "დააბალანსა", ნამდვილი ოპოზიცია აღარ დარჩა. ამასთანავე, ჩვენს მთავრობას მთელი ქვეყანა მონოპოლიზებული აქვს. ჩვენთან არ არსებობს თავისუფალი მეწარმეობა და ფული მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულთ აქვთ.

- რამდენად შორს შეიძლება წახვიდეთ, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს იწვევთ?

- გამარჯვებამდე ვიბრძოლებ, მე უკან დასახევი გზა არ მაქვს.

- საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მხარი დაგიჭირათ - საჯაროდ მოსთხოვა პრეზიდენტს თქვენთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება. სააკაშვილი კი ვერ ბედავს, საჯაროდ თქვას, რომ სერიოზული ოპონენტი გამოუჩნდა.…

- (იცინის) ჩვენი პატრიარქი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მიუხედავად ამისა, არ მინდა ამის შეფასება. არ ვისურვებდი, რომ ეკლესია პოლიტიკაში ჩაერიოს.…

- გჯერათ, რომ არჩევნები სამართლიანი იქნება და მოხვალთ ხელისუფლებაში?

- არჩევნები სამართლიანი არ იქნება. ისეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის მედიასაშუალებების 95-99%-ს სახელმწიფო აკონტროლებს, მოგება იოლი არ არის. მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და სიახლეები აქ ძალიან სწრაფად ვრცელდება. ჩვენ მოვიპოვებთ აბსოლუტურ უმრავლესობას... ისინი ვერ შეძლებენ ხმების 30-დან 50%-მდე გაყალბებას. ამერიკელები და ევროპელები არ აპატიებენ.

- ანუ საქართველოში მათ რევოლუციის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ?

- ღმერთმა დაიფაროს! არანაირი რევოლუცია. მე არანაირ რევოლუციაში მონაწილეობას არ მივიღებ. რევოლუცია არ არის სწორი გზა, მას იმედგაცრუება მოსდევს. მინდა საქართველოს უახლეს ისტორიაში შევქმნა სამართლიანი არჩევნების პრეცედენტი.

- როგორ შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?

- ეს იოლი არ იქნება, არ მსურს ამ საკითხთან დაკავშირებით ილუზიების შექმნა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი სფეროები, სადაც ჩვენი და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. რუსეთისთვის ისეთი სეპარატისტული რეჟიმები, როგორებიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საფრთხეა, რადგან რუსეთის ჩრდილოეთ კავკასია თავად მოიცავს დიდ ფეთქებადსაშიშ პოტენციალს. სხვა მხრივ, ჩვენ საქართველოში დემოკრატია უნდა ავაშენოთ, რათა საქართველო აფხაზებისა და ოსებისთვის საინტერესო გახდეს. როგორ დაგვიბრუნდებიან ისინი, როცა საქართველოს მოქალაქეები გარბიან ჩვენი ქვეყნიდან?

- შეუძლია საქართველოს გახდეს ნატოს წევრი რუსეთის გაღიზიანების გარეშე?

- ნატოს წევრობა ჩვენთვის ნამდვილად საუკეთესო დაცვაა. ჩვენ ამას რუსეთის გაუღიზიანებლად შეგვიძლია მივაღწიოთ. ამისთვის არსებობს დიპლომატია. მაგრამ ნატო დაინტერესებულია ისეთი წევრებით, სადაც განვითარებულია დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენს სახელმწიფოს ეს ჯერ არ აქვს.

- ამბობენ, ივანიშვილი ის პოლიტიკოსია, რომელზეც ევროპა და რუსეთი შეთანხმდნენო.

- (ხმამაღლა იცინის) და ამერიკაც! კარგი იქნებოდა, ასე რომ იყოს. მაგრამ მე ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, ამაზე მოვლაპარაკებოდი ვინმეს. მე პირდაპირ ქართველ ხალხთან დავიწყე საუბარი. მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდი ელჩებს. მათი რეაქცია ჩემს პოლიტიკაში გამოჩენაზე უაღრესად დადებითი იყო და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი კარგად იცოდნენ როგორც ამერიკელებმა, ასევე ევროპელებმა და გნებავთ, რუსებმაც.

ყველა ელის ცვლილებას და ეს ცვლილება მოხდება.

"დერ სტანდარდი", ავსტრია

იბეჭდება

მცირედი შემოკლებით