თუ კალამი მახვილზე მჭრელია - კვირის პალიტრა

თუ კალამი მახვილზე მჭრელია

საქართველოს სხვადასხვაგვარი პოლიტიკური ბრძოლა უნახავს - ვარდებით და აქციებით, კარვების ქალაქებითა და ცრემლსადენი გაზით. ელის თუ არა მას ამჯერად საპირისპირო ბრძოლა - კალმით?

ახალი ბრძანების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლება,„"რედაქტირება" გაუკეთოს საკანონმდებლო აქტს მას შემდეგ, რაც ის კანონად გადაიქცევა - ნაბიჯი, რომლითაც, იურისტების აზრით, შეიძლება კიდევ მეტმა ძალაუფლებამ მოიყაროს თავი საქართველოს უკვე ისედაც დომინანტი აღმასრულებელი შტოს ხელში.

პირველად ამას ნაცვალსახელი "ამ" შეეწირა, რომელიც, როგორც ითქვა, ამოღებული იქნა იმ საკანონმდებლო ცვლილებების ოფიციალური ვერსიიდან, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ზღუდავს. ვერსიით, რომელშიც "ამ" შედიოდა, საკანონმდებლო ცვლილებამ პარტიებს აღნიშნული ცვლილების (ფრაზა "ამ კანონის") ამოქმედებიდან სამ დღეში ბიზნესისგან მიღებული ყველა გაუხარჯავი ფინანსური შემოწირულობის უკან დაბრუნება აიძულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სახელმწიფო მოითხოვდა.

"მილიარდერი ოპოზიციონერის, ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეებმა მას შემდეგ, რაც კანონში ეს„"ამ" დაინახეს, იფიქრეს, რომ შემოწირული მილიონების დახარჯვისთვის სულ რაღაც სამი დღე ჰქონდათ და თანხების ხარჯვა "ნაჩქარევად" დაიწყეს, რათა ეს სამდღიანი ვადა არ დაერღვიათ, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა, ივანიშვილის პარტნიორი "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა.

საკუთარი კომპანიებისა და პარტნიორების საშუალებით, ივანიშვილმა მის ორგანიზაციასთან, "ქართულ ოცნებასთან" ასოცირებულ პარტიებს, არსებული ინფორმაციით, 4.1 მლნ ლარი (2,46 მლნ დოლარი) შესწირა, მაგრამ, მოგვიანებით, 29 დეკემბერს, საკანონმდებლო ცვლილების იმ ვერსიაში, რომელიც "მაცნეში" (მთავრობის ოფიციალური გამოცემა) გამოქვეყნდა, "ამ" გაქრა. რაც იმას ნიშნავდა, რომ ხარჯვა ფუჭი იყო.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ "ჩადენილია დანაშაული" და პროკურატურის ოფისს ამ ჩვენებითი ნაცვალსახელის გაქრობის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა.

თუმცა, არანაირი გამოძიება არ იგეგმება, რადგან იუსტიციის სამინისტროს, რომელიც პროკურატურის ოფისის ზედამხედველია, მიაჩნია, რომ ბრალდებები "უსაფუძვლოა". მთავრობა ამტკიცებს, რომ პარლამენტარებმა ჩვენებითი ნაცვალსახელის ამოღების შესახებ ზეპირი შეტყობინება მიიღეს; არც ერთი პარლამენტარი ამ ცვლილებას არ შეუშფოთებია.

"ამ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებული გაუგებრობა ხაზს უსვამს "საფრთხეს", რომელიც სამინისტროს ახალ უფლებამოსილებას უკავშირდება", - აღნიშნავს სამართლებრივი დაცვის ორგანიზაცია "42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი.

ამგვარსავე შეშფოთებას გამოთქვამენ სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. მიუხედავად იმისა, თუ რა ბედი ეწია იმ სადავო ნაცვალსახელს ("ამ"), იუსტიციის სამინისტროს ახალი ამოცანა იოლი არ არის: ქართულ ენაში, სადაც მთავრული ასოები არ არის, პუნქტუაციამ შეიძლება სერიოზული როლი ითამაშოს.

"ევრაზიანეტი", აშშ