ობამა მხოლოდ საქართველოზე როდი ფიქრობს - კვირის პალიტრა

ობამა მხოლოდ საქართველოზე როდი ფიქრობს

ქართული მედია დღემდე ამბობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ ვიზიტს ვაშინგტონში.სააკაშვილმა, პარლამენტარებთან შეხვედრისას, ამ ვიზიტს "სტრატეგიული გარღვევა" უწოდა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. ეს მისატევებელი გაზვიადებაა. 30 იანვარს ობამასა და სააკაშვილის შეხვედრა, პირველ რიგში იყო შეხვედრა თავად შეხვედრისთვის. სააკაშვილი დიდხანს ცდილობდა, როგორმე სიმბოლურად მიეღწია ობამასთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისთვის. რაც შეეხება ობამას, მისი ფროიდისეული წამოცდენა რუსეთზე, რაც თავადვე შეასწორა და თქვა - "საქართველო", გვეუბნება, თუ რაზე ფიქრობდა იგი. ობამასთვის მნიშვნელოვანია, თავი დაიცვას კონკურენტი კანდიდატების - რომნისა და გინგრიჩის ბრალდებებისგან, თითქოს მან საქართველო გაწირა რუსეთთან გადატვირთვის“პოლიტიკის სანაცვლოდ. სააკაშვილის ნათქვამი - ამ ოფისს ძალიან ბედნიერი ვტოვებო,“აშშ-ის პრეზიდენტსაც გააბედნიერებს.

დღის წესრიგის პირველი საკითხი სამხედრო თანამშრომლობა იყო. ობამას ადმინისტრაცია აქაც გამოუვალ მდგომარეობაშია. პენტაგონს უყვარს საქართველო, რადგან ის ფაქტობრივად ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი გაზარდა (თანაც მეტად სახიფათო ჰილმენდის პროვინციაში), მაშინ, როდესაც ყველა სხვამ შეამცირა. მაგრამ აშშ-მა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოსთვის იარაღი არ მიეწოდებინა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს რუსებს განარისხებს და მეორე მხრივ, მას სჯერა, რომ ეს მხოლოდ გააძლიერებს იმ ჩიხურ ვითარებას, რომელიც მოსკოვთან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ირგვლივ არსებობს. იმავდროულად, ქართველები მოითხოვდნენ ვაშინგტონისგან ერთგვარ ახალ განცხადებას მათ ნატოში მისწრაფებაზე 2012 წლის მაისში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე ჩიკაგოში. შედეგი კი ასეთია: ქართველები საუბრობენ იარაღსა და ნატოზე და კონგრესში ამ საკითხებს მთელი ძალით ლობირებენ, ხოლო თეთრი სახლი ცდილობს თავი აარიდოს ამ საკითხზე საუბარს. ოვალურ კაბინეტში შეხვედრის შემდეგ ობამამ განაცხადა: "ჩვენ განვაგრძობთ სამხედრო თანამშრომლობას და შეერთებული შტატები კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას - საბოლოოდ გახდეს ნატოს წევრი". სიცხადის არარსებობა ადასტურებს, რომ ეს ადმინისტრაცია შეეცდება სამხედრო თანამშრომლობის ახალი ფორმების მოძიებას, რომელშიც იარაღის მიყიდვა არ შევა. ჩიკაგოში კი შეეცდებიან, თავი აარიდონ საქართველოს საკითხს ევროპელი მოკავშირეების პატივისცემის ნიშნად, რომლებსაც 2008 წლის ომის შემდეგ ალერგია აქვთ თემაზე - "საქართველო ნატოში".

მეორე საკითხი იყო ვაჭრობა. შარშან აშშ-ის ექსპორტმა საქართველოში 538 მლნ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტმა - 176 მლნ დოლარს. ათი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით ციფრი თითქმის შვიდჯერ გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ დაბალია იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ორასჯერ მცირეა აშშ-გერმანიის სავაჭრო ბრუნვის მოცულობასთან შედარებით. გერმანია კი ვაშინგტონის სავაჭრო პარტნიორების სიაში ანბანით მეორე ქვეყანაა საქართველოს შემდეგ. საქართველო მსოფლიო მასშტაბებით ერთი ციდა ეკონომიკაა.

მთავარი სიახლე, რის შესახებაც ობამამ თეთრ სახლში განაცხადა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გახლდათ. ეს სააკაშვილისთვის დიდი პოლიტიკური ჯილდო იქნებოდა, რადგან აშშ-ს დღეს არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან.

თეთრი სახლისთვის ეს ისეთი რამ იყო, რაც შეეძლო სააკაშვილისთვის ახალი თავდაცვითი შეთანხმების ნაცვლად შეეთავაზებინა. ეს მის გონივრულობაზე მიუთითებს, რადგან ის ცდილობს, კონგრესს ჯექსონ-ვენიკის შესწორება გააუქმებინოს მანამ, სანამ ამერიკული კომპანიები შეძლებენ იმ სავაჭრო პრივილეგიების მიღებას, რომელიც მათ ეკუთვნით რუსეთისგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით. ჯექსონ-ვენიკის შესწორების გაუქმების მცდელობას ადგილი ზაფხულის დასაწყისში ექნება, მალევე მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, კრემლში დაბრუნდება. ეს ხელს შეუწყობს კონგრესისთვის იმის თქმას, რომ ბიზნესი ბრმაა და აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობა არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ მის მოსისხლე მტერ საქართველოსთანაც უნდა. დაბოლოს, შეხვედრა არსებითად საქართველოს საშინაო პოლიტიკას მიეძღვნა. საინტერესოა, რომ შეხვედრის შემდეგ ობამამ გამოსვლა ამ თემით გახსნა, რაც, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ ოვალურ კაბინეტში ის პრივატული საუბრის მთავარი ნაწილი იყო.

აქაც შეერთებული შტატები კვლავ გამოუვალ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ, ის ცდილობს, სხვა სახელმწიფოების შიდაპოლიტიკურ წვრილმანებში არ ჩაერიოს, მაგრამ საქართველო სახიფათოდ დაუახლოვდა აშშ-ის კლიენტი სახელმწიფოს სტატუსს, რადგან ვაშინგტონი მისი მთავარი ფინანსური დონორი, სამხედრო მწვრთნელი და პოლიტიკური მრჩეველია.

პრეზიდენტი სააკაშვილი ერთადერთი არ არის - იმავე კვირას ვაშინგტონში ოპოზიციის ორი წამყვანი წარმომადგენელი იყო. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ორი საარჩევნო ბრძოლა იმართება, ერთი თავად საქართველოში და მეორე - ვაშინგტონში.

საქართველოში უპირველესი პოლიტიკური თემა სააკაშვილის პირადი განზრახვებია. უმალ, როგორც კი ის გაისად საპრეზიდენტო ვადის ბოლოს გადადგება, ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც ჩნდება ახალი ძლიერი პრემიერ-მინისტრის პოსტი. სააკაშვილს სამართლებრივად ამ პოზიციის დაკავების უფლება აქვს, მაგრამ თუკი ამას გააკეთებს, რა თქმა უნდა, უცხოეთში მისი რეპუტაცია შეილახება. ვიდრე ის ამ დილემაზე ფიქრობს, შიდაპოლიტიკური ზეწოლა, დარჩეს ხელისუფლებაში, ეწინააღმდეგება საერთაშორისო პოლიტიკურ გზავნილებს - დატოვოს სცენა.

ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს, ობამამ ერთი თვალში საცემი ფრაზა გამოიყენა: "ხელისუფლების ოფიციალური გადაცემა, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოში, ალბათ განამტკიცებს ბევრ იმ რეფორმას, რომელიც უკვე განხორციელდა". ეს ისე გაისმა, თითქოს სააკაშვილს უთხრეს, - ვაშინგტონი ელის, რომ არ დაიკავებთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობასო.

თუკი ეს ასეა, სასარგებლო რჩევაა სააკაშვილისთვის. თუმცა, აშკარაა, რომ ის კიდევ უფრო ღრმად ითრევს ვაშინგტონს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკურად რთული წელი იქნება საქართველოსთვის. თუმცა შესაძლებელია უკეთესიც კი იყოს შტატებისთვის (რომელიც პროცესში უკვე ნახევრად ჩართულია), თუკი ის სრულად დაკავდება ამ საქმით და შორიდან მაყურებლის როლში არ დარჩება, რადგან ქართველი საზოგადოება ისედაც ეჭვობს, რომ მის მომავალთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები ვაშინგტონში წყდება.

"ნეიშენელ ინტერესტი", აშშ