"ქართული ოცნება": დაბალანსებული პოლიტიკა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება": დაბალანსებული პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი მთავრობის დასამარცხებლად ემზადება.ბიძინა ივანიშვილი - რეალური გამოწვევაა და მოვლენა, რომელმაც ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს. თუმცა გაურკვეველია ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური სტრატეგია.

მას საჯაროდ აკრიტიკებენ - მის პოლიტიკურ ფილოსოფიას და საგარეო პოლიტიკას სიცხადე აკლიაო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 თებერვალს თავის გამოსვლაში მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, განაცხადონ თავიანთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. მართალია, ივანიშვილის სახელი  არ უხსენებია, მაგრამ ჩანს, სწორედ ის იყო ამ მოწოდების სამიზნე. და მაინც როგორია ივანიშვილის საგარეო პოლიტიკა? ის მართლაც ისეთი ბუნდოვანია, როგორც სააკაშვილი ამტკიცებს?

ივანიშვილის კოალიციის დოქტრინის ან ფილოსოფიის განსაზღვრა შეუძლებელია. ყველა შეფასება ეფუძნება მხოლოდ მის გამოსვლებს, მის ქმედებებს და მის გუნდში გაწევრებულ პერსონებს. ზოგადად, ივანიშვილი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მანევრების სივრცე საერთაშორისო არენაზე მოქმედი ადმინისტრაციის შეცდომების გამო შეიზღუდა, და რომ საქართველომ უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი აშშ-ის და რუსეთის გავლენის სფეროებს მიღმა. არის კიდევ რამდენიმე ცნობილი სტრატეგია საგარეო პოლიტიკის მისეულ თვალსაზრისში.

უპირველესად, ის არ მიანიშნებს, კონფლიქტების მოსაგვარებლად რა კონკრეტული გეგმა აქვს, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტის გასაღებად სამი ფაქტორი მიაჩნია: საქართველო მიმზიდველი უნდა გახდეს აფხაზებისა და ოსებისთვის, უნდა მოხდეს რუსეთის ინტერესებთან თანხვედრა და მოძიებულ იქნას ისეთი ხელსაყრელი საგარეო გარემოებები, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გამოადგება.

მეორე: მას აქვს რუსეთთან დაკავშირებული სპეციფიკური ხედვა, კერძოდ, მოსკოვთან ახლო კავშირის დამყარება. მისი კოალიცია მხარს უჭერს მოსკოვთან თანამშრომლობის გაფართოებას. იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს პირდაპირ ვერ დაეხმარება კონფლიქტების მოგვარებას, სჯერათ, რომ ამას საბოლოოდ მაინც პოზიტიური ეფექტი ექნება. არ უარყოფენ, რომ რუსეთის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნა ოკუპაციაა, მაგრამ აცხადებენ, საქართველომ ეს საკითხი ორმხრივ ურთიერთობაში მთავარ საკითხად არ უნდა აქციოსო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაა. "ქართული ოცნების" სადამფუძნებლო დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ალიანსი მიისწრაფვის ქვეყნის უსაფრთხოების და რეგიონული პოზიციის განმტკიცებისკენ, რისთვისაც უნდა გააღრმაოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში და მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკასა და რეგიონული მასშტაბის სამშვიდობო პროცესებში. კოალიცია ხაზს უსვამს ინტეგრაციას და არა წევრობას, რადგან წევრობა დამოკიდებულია აშშ-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობაში ცვლილებებზე. მეორე მხრივ, ივანიშვილს ადრე მიაჩნდა, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა, როდესაც მისი აზრით, აშშ-ის ინტერესი რეგიონისადმი შემცირდა, მას მიაჩნია, რომ აუცილებელია ბალანსის დაცვა, რათა ქვეყანამ თავი აარიდოს ამერიკის დახმარებაზე ზედმეტ დამოკიდებულებას. ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ დაიჭერს აშშ-ის მხარეს მის შესაძლო სამხედრო ოპერაციებში ირანის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ივანიშვილის პოლიტიკური ხედვა საჭიროებს გარკვეულ დამატებით იმპულსს, რათა მისი პრიორიტეტები უფრო მკაფიო გახდეს. დღეს ვერავინ დაძრახავს მას ან პრორუსობის ან პროდასავლურობისთვის. ივანიშვილის დაბალანსებულ პოლიტიკურ მიდგომაზე მეტყველებს მისი კოალიციის შემადგენლობაც, რომლებიც დიდწილად ელიტის წარმომადგენლები არიან - ყოფილი მინისტრები, მეცნიერები, იურისტები, მსახიობები. მაგრამ ამომრჩევლების დიდ ნაწილს ჯერ ვერ გაურკვევია,  მოიტანს თუ არა სიახლეს ივანიშვილი და კოალიციის ზოგიერთი წევრი, რომელიც შევარდნაძესთან, ანუ საზოგადოებისთვის რეტროგრადებთან ასოცირდება. ძალიან ადრეა იმის პროგნოზირება, მართლაც გადაიქცევა თუ არა "ქართული ოცნება" ქართულ ოცნებად.

"თუდეიზ ზამანი", თურქეთი