საქართველოს სადარაჯოზე - კვირის პალიტრა

საქართველოს სადარაჯოზე

ობამას ადმინისტრაციის მიერ მოსკოვთან ურთიერთობების "გადატვირთვამ"”რუსეთის მეზობელი ქვეყნები ააფორიაქა. შვებისმომგვრელი არც ის იყო, რომ რუსეთის

პრემიერ-მინისტრმა პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას "XX საუკუნის უდიდესი კატასტროფა" უწოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობამოპოვებული ქვეყნები შფოთავენ, - ვაითუ, კვლავ "ბოროტების იმპერიის" ხელში აღმოვჩნდეთო.

რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან მდებარე საქართველოს რესპუბლიკას სხვებზე მეტი საბაბი აქვს შესაშფოთებლად. რუსეთმა კარგა ხანია მიითვისა მისი სეპარატისტული რეგიონები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ხოლო 2008 წლის აგვისტოში ორ ქვეყანას შორის ხანმოკლე სამხედრო კონფლიქტი მოხდა და რუსულმა ჯარმა საქართველოს ტერიტორიის კარგა მოზრდილი ნაწილი დაიპყრო. ახლა რუსული პრესა საქართველოში "დაუბოლოებელ საქმეზე" ლაპარაკობს, ხოლო არმია საქართველოს დედაქალაქიდან 40 მილში დგას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიმს ჯონსთან შეხვედრის წინ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ ესმის ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესების ლოგიკური საფუძველი, მაგრამ "როდესაც გადატვირთვის ღილაკს თითს აჭერ, შენს კომპიუტერში მაინც რჩება ზოგიერთი პროგრამა". ის იმედოვნებს, რომ ობამას ადმინისტრაცია განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, რომელიც კლინტონის ადმინისტრაციამ დაიწყო და გაგრძელდა ბუშის მმართველობისას.

საქართველომ დაიმსახურა აშშ-ის პატივისცემა და კეთილგანწყობა, როდესაც ამერიკას ყველაზე საჭირო მომენტში დაეხმარა - 2000-კაციანი ბრიგადა ერაყში კოალიციის მხარდასაჭერად გაგზავნა. ეს ისეთივე დიდი წვლილი იყო, როგორიც ავსტრალიისა. 2010 წელს საქართველო, ამერიკული სარდლობის ხელმძღვანელობით, ავღანეთში საბრძოლველად ბატალიონს გაგზავნის. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე, ნატოს წევრებმა დაარწმუნეს თბილისი, რომ ის ალიანსის წევრი უსათუოდ გახდება. რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაკეთილსინდისიერად მოიქცა - დაარღვია 2008 წლის აგვისტოს საზავო შეთანხმება და იმის ნაცვლად, რომ ჯარი გაეყვანა, სამხედროების რაოდენობა გაზარდა. "სამხრეთ ოსეთი დიდი სამხედრო ბანაკია", - განაცხადა ბაქრაძემ.

რუსეთმა უფრო გაართულა სიტუაცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებით. ისინი ასევე ცნეს რუსეთის მოძმე ქვეყნებმა - ვენესუელამ და ნიკარაგუამ. ბაქრაძე რუსეთის მოტივებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. "რა მიიღო ამით რუსეთმა? პოლიტიკური იზოლაცია და კრიტიკა. ეს უნდოდა? მეეჭვება", - თქვა ბაქრაძემ.

აშშ დაინტერესებულია რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით, რათა არ წაახალისოს მოსკოვის ექსპანსიონისტური ტენდენციები. რუსეთის ლიდერებს, უწინარესად პუტინს, რომელმაც დაიტირა საბჭოთა კავშირის დაშლა, შეიძლება მისი აღდგენის ცდუნება გაუჩნდეთ. თუ საქართველო დანაწევრდება და მერე მას სხვა ქვეყანა გადაყლაპავს, მსგავსი რამ შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაშიც მოხდეს.

საქართველოს დახმარების საკითხი ფუნდამენტურად უკავშირდება ამერიკულ იდეალებს. "თავისუფალი სამყაროს ლიდერები არ ამბობენ უარს თავის მეგობრებზე. ამერიკული დიპლომატია უფრო მეტია, ვიდრე ევროპული ყაიდის რეალ-პოლიტიკა. აშშ ღირებულებების ქვეყანაა. ჩვენც იმავე ღირებულებებს ვიზიარებთ. და მათი დაცვა ღირს", - თქვა ბაქრაძემ.