პარლამენტართა არაოლიმპიური თამაშები - კვირის პალიტრა

პარლამენტართა არაოლიმპიური თამაშები

გასულ კვირას საქართველოს დედაქალაქ თბილისში მნიშვნელოვანი ამბები მოხდა: პარლამენტმა განიხილა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების

ბოიკოტის საკითხი; პარლამენტის შენობის წინ კი ჰოლივუდის რეჟისორმა რენი ჰარლინმა საქართველო-რუსეთის შარშანდელ აგვისტოს ომზე ფილმის დასკვნითი ნაწილი გადაიღო. ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ ხელისუფლების წარმომადგენლებს მკაცრად მოსთხოვა - ფულის ფანტვას თავი დაანებეთ და მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებები დაიწყეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების პროცესის შესაჩერებლად, თორემ მათი დამოუკიდებლობის მცნობთა რიგში ეკვადორი დგასო...

სარწმუნო წყაროს ცნობით, ქართველი პარლამენტარები პარტნიორ ქვეყნებს, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის მსგავსად, ამ მსოფლიო სპორტული ფორუმის ბოიკოტირებას შესთავაზებენ. თუმცა პრესისთვის მიცემულ ოფიციალურ ცნობებში ნათქვამია, რომ საქართველოს მიზანი არ არის ოლიმპიადის ჩაშლა. მას მხოლოდ იმის შეხსენება უნდა, რომ "მსოფლიოს საქმე აქვს იმავე აგრესორ ქვეყანასთან, რომელთანაც 1980 წელს ჰქონდა". "რუსეთი შარშან ისევე შეიჭრა საქართველოში, როგორც სსრკ ავღანეთში 1979 წელს, რის გამოც დასავლეთმა უარი უთხრა მოსკოვის ოლიმპიადას". პარადოქსია, მაგრამ, ამასთან ერთად, დეპუტატები აცხადებენ, რომ "საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მსჯელობენ, რა იღონონ საიმისოდ, რომ დასავლეთმა სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტით უპასუხოს". აქედან გამომდინარე, გაუგებარია მტკიცება, - საქართველო მიზნად არ ისახავს ზამთრის ოლიმპიადის ჩაშლასო.

ქართულმა ოპოზიციამ, რომელიც 7 ნოემბრიდან პრეზიდენტ მ. სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს და  მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, ხელისუფლებას "ჰოლივუდობანას" თამაშის შეწყვეტა და ევროკავშირისა და აშშ-ის სტრუქტურებთან დაუყოვნებლივ მუშაობის დაწყება მოსთხოვა, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესს საერთაშორისო-სამართლებრივი გაგრძელება არ მოჰყვეს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ სარწმუნო ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტით ჩასული ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორეა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, მის მაგალითს კი ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა მიჰბაძავს. სოხუმსა და ცხინვალში ამის თაობაზე კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ადრე აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას ნათქვამი აქვს, რომ ნიკარაგუის და ვენესუელის შემდეგ ასეთსავე აქტს ალბა-ს ბოლივიური კავშირისგან ელიან (კუბა, ბოლივია, ეკვადორი, დომინიკა, ჰონდურასი, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ანტიგუა და ბარბუდა). რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ყოფილი ავტონომიების ეკვადორული პერსპექტივები არც დაადასტურეს, მაგრამ არც უარუყვიათ. ზოგიერთმა გაზეთმა კი, თავის წყაროზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ცნობა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პეტრუშევმა,  ალბა-ს ქვეყნების სამიტზე, ბოლივიაში ყოფნისას, მათი მხარდაჭერის მოპოვება შეძლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე რასაკვირველია, გარკვეული პრეფერენციების სანაცვლოდ...