ინვესტორების ძებნაში... - კვირის პალიტრა

ინვესტორების ძებნაში...

რუსეთთან ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ საქართველოში უცხოური ინვესტიციების ნაკადმა იკლო, სწორედ ამ სიტუაციის გამოსასწორებლად

გაემართა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლო აღმოსავლეთისკენ. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საქართველოს ლიდერი წელს რამდენჯერმე ეწვია და როგორც ამბობს, - სულ ცოტა, 1 მლრდ დოლარი მოიპოვა. მიხეილ სააკაშვილი ამას წინათ ქუვეითიდან დაბრუნდა და მალე კატარში აპირებს გამგზავრებას.

"2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს 12,8 მლრდ დოლარიანმა ეკონომიკამ დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ზარალი განიცადა. ეკონომიური ზრდა ამ კვარტალში შეიძლება აღდგეს, თუმცა 2009 წლის საგარეო ინვესტიციები არ გადააჭარბებს 1 მლრდ დოლარს, მაშინ როდესაც მთავრობის თავდაპირველი ვარაუდით, ის 2 მლრდ დოლარი უნდა ყოფილიყო", - ამბობს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებებით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა წელს დიდად არის დამოკიდებული დონორთა ფინანსებზე. მთავრობის პროგნოზით, 2009 წელს ეკონომიკა 1,5%-ით შეიკვეცება, 2010 წელს კი ეკონომიკური ზრდა 2%-ს გაუტოლდება.

საქართველომ ომის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობიდან 4,55 მლრდ დოლარის დახმარების პირობა მიიღო, მათ შორის 1 მლრდ დოლარისა - აშშ-დან.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის პროგნოზი, 2010 წლის ეკონომიკური ზრდის შესახებ, ,"მოკრძალებულია" და ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა, 6%-ს მიაღწიოს, რის გამოც მოსალოდნელია უცხოური ინვესტიციების გაზრდაც. პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს, საქართველო, დუბაისა და სინგაპურის მსგავსად, აქციოს ფინანსური მომსახურებისა და კომერციის, ტურიზმისა და ენერგეტიკული ტრანზიტის ცენტრად. პრეზიდენტის თქმით, მთავრობა ინვესტორებს ეძებს ანაკლიის განსავითარებლად, შავი ზღვის სივრცეში "ყველაზე ღრმა ბუნებრივი პორტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს "უმოკლეს მარშრუტს ჩინეთიდან ევროპის უმსხვილეს რეგიონებამდე".

გასულ კვირას თბილისში ირანელ ინვესტორთა დელეგაცია ჩავიდა ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და საბანკო დარგში 300 მლნ-იანი შესაძლო პროექტების განსახილველად.