არჩევნების დღე დაინიშნა - კვირის პალიტრა

არჩევნების დღე დაინიშნა

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა საპარლამენტო არჩევნების დღე დანიშნა - 2010 წლის 24 იანვარი. იმავე დღეს პალესტინის ავტონომიის

ტერიტორიაზე პრეზიდენტსაც აირჩევენ. "ფათჰის" ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ყველა პალესტინელ მოქალაქეს, მათ შორის ღაზის სექტორის მცხოვრებთაც (ღაზის სექტორს 2007 წლიდან მოძრაობა "ჰამასი" აკონტროლებს) მოუწოდა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი და აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

მაჰმუდ აბასი 2005 წლიდან არის პალესტინაში ავტონომიის პრეზიდენტი, მისი უფლებამოსილების ვადა 2009 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საპრეზიდენტო ვადა კიდევ ერთი წლით - ავტონომიაში საპარლამენტო არჩევნებამდე გაუგრძელეს. 2006 წელს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში "ჰამასმა" "ფათჰის" ხმათა უმრავლესობით მოუგო და მთავრობის შექმნის უფლება მიიღო.

2007 წელს "ჰამასმა" ღაზის სექტორი თავის კონტროლს დაუმორჩილა. ფაქტობრივად, პალესტინის ავტონომიაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. "ჰამასის" მიერ შექმნილ მთავრობას ისმაილ ჰანიეი მეთაურობს.