ბაქო ენერგეტიკული კარტის გათამაშებას აპირებს - კვირის პალიტრა

ბაქო ენერგეტიკული კარტის გათამაშებას აპირებს

როცა მსოფლიოს ქვეყნები ტაშს უკრავდნენ თურქეთისა და სომხეთის ისტორიულ შერიგებას, აზერბაიჯანი ყველაზე ახლო მოკავშირისგან თავს მიტოვებულად

გრძნობდა. ბაქომ გარკვევით განაცხადა, - ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობის აღდგენის შესახებ ხელშეკრულებას ხელი არ უნდა მოეწეროს, რადგან სომხეთი განაგრძობს მთიანი ყარაბაღის ოკუპაციას და თუ მაინც ხელი მოეწერა, ჩვენ ზომებს მივიღებთო.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც ტელევიზიით მთელ ქვეყანაში გადაიცემოდა, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, - ცნობილია, რომ მრავალი წელია, თურქეთს გაზს საბაზრო ფასზე სამჯერ იაფად ვაწვდიდით. დღევანდელ პირობებში არც ერთი სახელმწიფო არ დათანხმდება თავისი ენერგორესურსების ამ ფასად გაყიდვასო. მართალია, ალიევს ნათქვამი თურქეთ-სომხეთის შეთანხმებასთან ღიად არ დაუკავშირებია, მაგრამ აშკარაა, სწორედ მოკავშირე თურქეთს მიანიშნა, რომ სომხეთთან მორიგება მას უკვალოდ არ ჩაუვლის, თუ ბაქომ დანაპირები აღასრულა. ეს მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ჩაშლის "ნაბუკოს" მშენებლობის გეგმას. ანალიტიკოსების აზრით, ამ პროექტით გაზი კასპიის ზღვიდან თურქეთის გავლით ევროპას უნდა მიეწოდოს და ბაქოს გარეშე ამის განხორციელება მეტად გართულდება.

გაზსადენი "ნაბუკო", რომელმაც რუსეთის გვერდის ავლით საქართველოსა და თურქეთის გზით ევროპას უნდა მიაწოდოს გაზი, დასავლეთის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, მან მოსკოვს არ უნდა დაუტოვოს ევროპული ქვეყნებისთვის ენერგორესურსების მიწოდებაზე სრული კონტროლის საშუალება. რუსეთი აპირებს ახალი მილსადენის, "სამხრეთ ნაკადის", აგებას, რომლითაც რუსული გაზი ევროპას შავი ზღვისა და ბულგარეთის გავლით მიეწოდება.

ალიევის თქმით, შექმნილ ვითარებაში აზერბაიჯანისთვის შესაძლო ვარიანტი შეიძლება გახდეს საექსპორტოდ გაზის ტრანსპორტირება რუსეთის გავლით, რაც მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს.

სხვათა შორის, როცა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი თურქეთში თავის კოლეგა აბდულა გიულთან ერთად ფეხბურთის მატჩს ესწრებოდა, აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას "გაზპრომთან" მისთვის ყოველწლიურად, 2010 წლიდან დაწყებული, 500 მლნ კუბმეტრი ბუნებრივი გაზის მიყიდვაზე. ამ გარიგებასთან დაკავშირებით ალიევმა აღნიშნა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ბაქოს შეუძლია მეტი გაზიც მიჰყიდოს რუსეთსო.

ანალიტიკოსების აზრით, აზერბაიჯანელებს სურთ, დასავლეთსა და თურქეთს უთხრან, რომ თუ ისინი მათ მხარს არ დაუჭერენ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, ბაქო უპირატესობას მიანიჭებს "სამხრეთის ნაკადს" და უარს იტყვის "ნაბუკოზე".

თურქეთმა სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 1993 წელს გაწყვიტა აზერბაიჯანის მხარდაჭერის ნიშნად, რომელიც უშედეგოდ ებრძოდა სომეხ სეპარატისტებს მთიან ყარაბაღში.

თურქეთ-სომხეთის შეთანხმების გამო აზერბაიჯანის მრისხანე რეაქციის დაშოAშმინება სცადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ. მან ბაქო დაარწმუნა, - ჩვენ თქვენს ერთგულ მოკავშირეებად ვრჩებით, აზერბაიჯანის მიწა ჩვენთვის ისევე წმინდაა, როგორც საკუთარიო.

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადება, ანკარა მზად არის აზერბაიჯანულ გაზში მეტი გადაიხადოსო, იმის მანიშნებელია, რომ ახალი მოლაპარაკება დაიწყება.