საქართველოს ევროპული არჩევანი - კვირის პალიტრა

საქართველოს ევროპული არჩევანი

ევროკავშირი სულ უფრო მჭიდრო კონტაქტს ამყარებს რეგიონის სამ ქვეყანასთან (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო). 2007 წლიდან ეს ქვეყნები ევროკავშირის „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ (ENP) ნაწილი გახდა.ამ პროექტმა შექმნა ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამა. მართალია, ჯერ ძნელია იმის თქმა, რომ ევროკავშირს რეგიონთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკა აქვს, თუმცა ის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას აღიარებს.

სამი ქვეყნიდან საქართველოს ევროკავშირთან ყველაზე ღრმა და ყველაზე წარმატებული ურთიერთობა აქვს. ქართველები, რომლებიც არასტაბილურ სამეზობლოში ცხოვრობენ, საკუთარი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად ევროატლანტიკური ინსტიტუტების წევრობას მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროპული არჩევანი აღიარა, მისი გაწევრება უშორეს პერსპექტივად რჩება. თუმცა საქართველო არ შეშინდა და სჯერა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ევროკავშირთან შეძლებისდაგვარად სხვადასხვა მიმართულებით კავშირების განმტკიცებით გაუიოლდება საბოლოო ინტეგრაცია.

კარგი“არჩევნების ჩატარება ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის დემოკრატიული სტანდარტების ტესტია. საქართველოს წინ ელის ასეთი ორი ტესტი - საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს. უშუალოდ არჩევნების შეფასებასთან ერთად, ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა, რაც გარკვეულად შემაშფოთებელია. საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ითანამშრომლებდა ოპოზიციურ პარტიებთან და შექმნიდა სპეციალურ კომისიას საარჩევნო სიების ჩამოყალიბებაზე ზედამხედველობისთვის, რასაც ოპოზიციური "ახალი მემარჯვენეები" უხელმძღვანელებდნენ. საზოგადოებრივი ტელევიზია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი პირობებით და ახალი კანონით - მედიაბიზნესში ერთი აქციის ქონაც კი ყველა ოფშორულ კომპანიას ეკრძალება.

ევროკავშირი "ჟენევის პროცესის" სამშვიდობო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სახით ასევე წარმოდგენილია (იარაღის გარეშე) რეგიონში, მაგრამ მას ხელი არ მიუწვდება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებზე. წელს, მოგვიანებით, მისიის მანდატს განახლება დასჭირდება. ევროკავშირს სურს, იპოვოს გზა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან თანამშრომლობისა (აღიარების გარეშე), რადგან მიაჩნია, რომ იზოლაცია არაკონსტრუქციული პოლიტიკაა. არის იმედი, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობისთვის.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავ შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო და უშიშროების ძალთა გახანგრძლივებული ყოფნით გამოყოფილ რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, ის ამის მიღწევას ვერ ახერხებს და როგორც ჩანს, ამ მხრივ ევროკავშირსაც და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციასაც ცოტა რამის გაკეთება თუ შეუძლიათ.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი