პუტინის ძალაუფლება: "დეჟავიუ" კავკასიისთვის - კვირის პალიტრა

პუტინის ძალაუფლება: "დეჟავიუ" კავკასიისთვის

სხვა რაღა უნდა ითქვას რუსულ გაზაფხულზე: "ასიმეტრიული" საარჩევნო კამპანია, ჭორები ბოტოქსის შესახებ, პატარა საარჩევნო მაგია და - ვლადიმირ პუტინი ისევ კრემლის ბოსია. პუტინი გამარჯვებას მეტწილად კავკასიას უნდა უმადლოდეს. ახლა ის მილოცვებს იღებს იმ ქვეყნებიდან და ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსეთს ეკუთვნის, რუსეთის მიერაა დაპყრობილი ან რუსეთით არიან შეპყრობილნი.

ჯერ ჩრდილოეთზე შევჩერდეთ, სადაც ცეცხლოვანმა ძლიერმა კაცმა რამზან კადიროვმა თავისი პატრონის მხარდასაჭერად საარჩევნო უბანთან იცეკვა კიდეც. ჩეჩნურმა ჩა-ჩა-ჩამ, როგორც ჩანს, იმუშავა. წინასწარი მონაცემებით, პუტინმა რუსეთის ფედერალურ საზღვრებში ყველაზე მეტი ხმა ხისტად მართულ ჩეჩნეთში მიიღო და ყველაზე ნაკლები - სკეპტიკურად განწყობილ მოსკოვში.

სამხრეთ კავკასიის სამხრეთ ქედზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც რუსეთს საიმედოდ ჰყავს მოქცეული საკუთარ კლანჭებში, დარეგისტრირებული რუსი ამომრჩევლების 90%-მა ხმა პუტინს მისცა. ამ ტერიტორიების სეპარატისტ მმართველებს, რომლებიც ეგზისტენციალურად არიან დამოკიდებულნი მოსკოვზე, ცეკვა არ გაუმართავთ, მაგრამ ხმა პუტინს მისცეს და თავის ელექტორატსაც ამისკენ მოუწოდეს.

სეპარატისტული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც, თავისი ჩეჩენი კოლეგისგან განსხვავებით, აცხადებს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს მართავს (თუმცა ჯიბეში რუსული პასპორტი უდევს), თქვა, რომ მისთვის ბედნიერებაა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩისთვის ხმის მიცემა.

რაც შეეხება არასადავო ქვეყნებს, ყველაზე მეტად პუტინის დაბრუნებით სომხეთმა გაიხარა, სომხეთმა, რომელიც რუსეთისგან დიდძალ პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებას იღებს. მოიწონა რა პუტინის გამარჯვება, პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, ანუ უფრო მეტ ფულს მომდევნო წლებში. მან აგრეთვე ახლო მომავალში, პუტინი სომხეთში მიიწვია.

რუსეთისადმი ნაკლებად მეგობრულად განწყობილი ქვეყნის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საბაზისო პროტოკოლურ წესებს დიდად არ გადაუხვია მილოცვისას. რუს კოლეგას წარმატება და ჯანმრთელობა უსურვა. აგრეთვე, იმედი გამოთქვა, რომ მათი ტრანსმთიანი მეგობრობა გაღრმავდება.

გასაოცარი არ არის, რომ პუტინს საქართველოდან სასიყვარულო ბარათები არ მისვლია, საქართველოდან, რომელიც მან საარჩევნო კამპანიისას არაერთხელ გამოიყენა საფრთხობელად. მართალია, თბილისმა გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადყო, რომ მას პუტინი სძაგს ნებისმიერი სტატუსით - როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე პრეზიდენტის რანგში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძემ 5 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს არ გააჩნია არავითარი ილუზია რუსეთში დემოკრატიის წინსვლასთან ან თბილისსა და მოსკოვს შორის კავშირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

თუ ეს განცხადებები, მილოცვები და საარჩევნო შედეგები რაიმეს გვეუბნება, გვეუბნება იმას, რომ პუტინის მმართველობის (სულ ცოტა) მომავალი ექვსი წლის განმავლობაში კავკასიის ქედის ორივე მხარეს ბევრი არაფერი შეიცვლება.

"ევრაზიანეტი", აშშ