თურქეთი ახალ გზას ეძებს - კვირის პალიტრა

თურქეთი ახალ გზას ეძებს

ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინციდენტს გაცილებით მასშტაბური სურათის წარმოჩენა შეუძლია. რამდენიმე ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული

პარიზში ოსმანთა იმპერიის საგანძურის გამოფენას ხსნიდა. ექსპოზიციის გახსნას ნიკოლა სარკოზიც დაესწრო, თუმც საღეჭი რეზინის ღეჭვა წუთითაც არ შეუწყვეტია. იქ მყოფთა აზრით, სარკოზის ამით უნდოდა გამოეხატა საფრანგეთის პოზიცია ევროკავშირში თურქეთის გაწევრების მცდელობის მიმართ. საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა გააპროტესტეს - სარკოზი თავისი საქციელით სულაც არ აპირებდა თურქეთის მიმართ მედიდურობა გამოეხატა, უბრალოდ, ჩანს, ჯერ ბოლომდე არა აქვს შეთვისებული დიპლომატიური თავაზიანობის ნორმებიო. მაგრამ პრეზიდენტ აბდულა გიულისთვის ცხადი შეიქნა, რომ სარკოზი იმ ევროპელ ლიდერებს უერთდება, ვინც ეწინააღმდეგება თურქეთის ევროკავშირში შესვლას, მათ შორის არის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც.

თურქეთმა ევროპის კარს ნახევარი საუკუნის წინ მიუკაკუნა. მას შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ქვეყანა სრულად დღესაც ვერ პასუხობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ყველა მოთხოვნას, თუმცა ამ გზაზე გამართულად მიდის. სწორედ იმის შიში, რომ თურქეთი მალე შეასრულებს ყველა მოთხოვნას, სარკოზისა და ბევრ სხვა ხელმძღვანელს აიძულებს, შეუშალონ ხელი ევროკავშირში მის მიღებას - ევროპას არ სურს თავის რიგებში იყოლიოს 70 მლნ-ზე მეტი მუსლიმანი. საკვირველი არ არის, რომ თურქ პოლიტიკოსებს მოთმინების ფიალა აევსოთ. მათ არ ხიბლავთ სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად "პრივილეგირებული პარტნიორობა". პრემიერ-მინისტრ რეჯებ ერდოღანის მთავრობამ გადაწყვიტა, აღმოსავლეთს მიაპყროს მზერა.

თურქეთი ახლო აღმოსავლეთში გავლენიანი მომრიგებლისა და მშვიდობის ჩამომგდების რეპუტაციას იქმნის, ცდილობს, მეზობლებთანაც აღიდგინოს გაწყვეტილი ურთიერთობა. ცხადია, თურქეთს უფრო მოსწონს, რომ არაბული ქვეყნების დედაქალაქებში მეტი პატივისცემით ექცევიან, ვიდრე ევროპელთაგან ჩვეული შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა.

ქვეყნის სტრატეგია ერდოღანმა ჩამოაყალიბა სტამბოლის ფორუმზე წარმოთქმულ სიტყვაში. მთავრობა შეინარჩუნებს კეთილგანწყობას ევროპისადმი, მაგრამ არ აპირებს თავი უსუსურ, დამთმობ მთხოვნელად ეჭიროს. თურქეთი ითამაშებს იმ როლს, რომელიც მას შეესაბამება როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე სწრაფად განვითარებად ზესახელმწიფოს.