ჩეინი ობამას აკრიტიკებს - კვირის პალიტრა

ჩეინი ობამას აკრიტიკებს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ბარაქ ობამას პოლიტიკას უწუნებს - ავღანეთში კამპანიის მსვლელობაში ყოყმანობს და აშკარად უფრთხის

გადაწყვეტილების მიღებასო.

"თეთრი სახლი არ უნდა ყოყმანობდეს, როცა ამერიკის შეიარაღებული ძალები საფრთხეშია, ვაშინგტონის მიერ გადამჭრელი ზომების მიუღებლობა ტრავმას აყენებს ჩვენს მოკავშირეებს და აგულიანებს მტრებს", - თქვა დიკ ჩეინიმ უსაფრთხოების პოლიტიკის კონსერვატორულ ცენტრში.

ჩეინის მეორე დღესვე უპასუხა თეთრმა სახლმა. "ის, რასაც ვიცე-პრეზიდენტი ჩეინი ყოყმანს უწოდებს, პრეზიდენტ ობამას მიაჩნია პასუხისმგებლობად ქვეყნის შეიარაღებული ძალების, მთელი ამერიკელი ხალხისადმი", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა რობერტ გიბსმა. დიკ ჩეინი, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, არაერთხელ გამოვიდა ახალი მთავრობის კურსის კრიტიკით. დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის ნათქვამს, - ობამას ამერიკა ნაკლებად დაცული იქნებაო. უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში გამოსვლისას დიკ ჩეინი მარტო ავღანეთის თემას არ შეხებია, მან გააკრიტიკა აშშ-ის ადმინისტრაცია პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტების განლაგებაზე უარის თქმის გამო.