"მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში"

ინტერვიუ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან

- თქვენ დღემდე არ იძლეოდით ინტერვიუებს - ჟურნალისტები არ მიყვარს და ვერ ვიტან ყურადღების ცენტრში ყოფნასო. საიდან გაგიჩნდათ უცებ პოლიტიკური ამბიციები?

- ჩემი ფილოსოფია ასეთია: მირჩევნია, საზოგადოების ყურადღების მიღმა ვიყო. თავისუფლება მიყვარს. მაგრამ ბოლო წლებში თანდათან განვიცდიდი სერიოზულ ზეწოლას და უნდა ამერჩია: ან უნდა დამეტოვებინა ქვეყანა, სადაც ჩემი ყოფნა სულ უფრო სახიფათო ხდებოდა, ან შეტევაზე გადავსულიყავი.

- თუკი ყურადღების ცენტრში ყოფნა არ გიყვართ, რატომ არ დაუჭირეთ მხარი უკვე არსებულ ოპოზიციურ პარტიას?

- სააკაშვილმა პარტიები ერთიმეორის მიყოლებით იყიდა. ეს ფსევდოოპოზიციური პარტიებია. რამდენიმე წესიერმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმაც დაკარგა მოქალაქეთა ნდობა. მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში. მაქვს ფული, მაგრამ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი ხალხის ნდობაა.

- მაღალფარდოვანი ნათქვამია. რას გეგმავთ გამარჯვების შემთხვევაში?

- ევროპა ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი, მიზანი და ბედისწერაა. გვინდა მისი ნაწილი გავხდეთ. ჩვენ სწრაფად მოვარგებთ ჩვენს ინსტიტუტებს ევროპულ მოდელს, გავათავისუფლებთ სასამართლოს და შევქმნით თავისუფალ მედიას. წელიწად-ნახევარსა ან ორ წელიწადში მე წავალ პოლიტიკიდან.

- და ყველაფერს ხელახლა მიატოვებთ?

- არა. მე ვიმუშავებ სამოქალაქო საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა, ადრინდებურად პასიური აღარ ვიქნები. მე დავეხმარები საზოგადოებას იმ მთავრობის გაკონტროლებაში, რომელსაც დავტოვებ.

- რატომ შეიძინეთ სარეკლამო გვერდები Washington Post-ში, სადაც მოუწოდეთ დასავლეთს, შეწყვიტოს სააკაშვილის მხარდაჭერა?

- ამერიკამ საქართველო უმცროს პარტნიორად აირჩია. აშშ ფიქრობს, რომ სააკაშვილი დემოკრატიულ საქართველოს აშენებს, მაგრამ ეს მხოლოდ ფასადია. მე მინდა ამერიკელებს მისი ნამდვილი სახე დავანახო. სააკაშვილი მათ თვალში ნაცარს აყრის.

- რას გულისხმობთ?

- 2004 წელს, ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, ის მართლაც აშენებდა დემოკრატიულ სისტემას, მერე ამ გზიდან გადაუხვია. ის ტოტალიტარულ სახელმწიფოს ქმნის.

- რას მოითხოვთ დასავლეთისგან?

- მე არაფრის მოთხოვნის უფლება არ მაქვს. მაგრამ მინდა ვთხოვო დასავლეთს, დაინახოს ჩვენს ქვეყანაში შექმნილი რეალური სიტუაცია და სააკაშვილს თავი არ მოატყუებინოს. ევროპამ და ამერიკამ საქართველოს ხელისუფლება მისი ქმედებების მიხედვით უნდა შეაფასონ და არა სიტყვებით და დაპირებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი საქართველოს დიქტატურულ სახელმწიფოდ გადააქცევს.

- თქვენი წინადადება რაში მდგომარეობს?

- ბოლო დროს ხშირად ვესაუბრები ევროპული ქვეყნების ელჩებს. იმედი მაქვს, რომ ევროპა დაგვეხმარება ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში. საქართველოს სურს, შექმნას პრეცედენტი, რომ ხელისუფლების გადაცემა მოხდეს არჩევნების და არა რევოლუციის გზით. მინდა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები, მაგალითად, ეუთოსი, ექვსი თვის განმავლობაში დააკვირდნენ საარჩევნო კამპანიას.

- სააკაშვილის ზედმეტად ნეგატიურ სურათს ხომ არ ხატავთ? მან პოლიციის რეფორმა ჩაატარა, რომელმაც უცხოეთში დიდი ყურადღება მიიპყრო

- პოლიციის რეფორმა წარმატებული იყო. ათასობით პოლიციელმა შეწყვიტა ქრთამის აღება, მაშინ როდესაც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიცია კორუმპირებულია, მაგრამ კორუფცია აღმოიფხვრა დაბალ რგოლებში, მაღალ რგოლში მცირე ჯგუფი ჯიბეს ისქელებს.

- თქვენ ადანაშაულებთ სააკაშვილს იმაში, რომ იგი პირადადაც გამდიდრდა?

- რა თქმა უნდა. მან შექმნა ეს სისტემა. ეკონომიკაში დაახლოებით 15-20 კაცი დომინირებს. ქართული ეკონომიკის დიდ ნაწილს გენერალური პროკურორი აკონტროლებს; თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებს გაზის და ნავთობის ბიზნესს.

- მთავრობა კრემლის აგენტს გიწოდებთ. ქონება რუსეთში იშოვეთ. რამდენად ვალდებული ხართ რუსეთის წინაშე?

- არანაირად. მე ვარ ვალდებული ჩემი ქვეყნის წინაშე. ჩემი რესურსების 99%-ს საქართველოში ვხარჯავ. მე განვაახლე აქ ყველა თეატრი და მუზეუმი; ავაშენე გზები და 50 სკოლა. რუსი ჯაშუშები ასე რომ იქცეოდნენ, ჩემი ქვეყნის წარმატება ასეთი აგენტების სიმრავლეზე იქნებოდა დამოკიდებული. 10 წელია რუსეთში არ ვყოფილვარ.

- კავკასია დენთის კასრია. ირანი, რომელიც ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე შეიძლება გახდეს, თქვენი მეზობელია. აზერბაიჯანი თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს. საქართველოს კონფლიქტები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კვლავ მოუგვარებელია. ხომ არ სჭირდება საქართველოს სტაბილური პირობები, და არა ლიდერი, რომელიც თქვენი თქმით, ორი წლის შემდეგ გადადგომას გეგმავს?

- ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ძალიან მცირე გავლენა აქვს გლობალური დონის კონფლიქტების გადაწყვეტაზე. ჩვენ შეიძლება მოვლენათა ასეთი განვითარების მსხვერპლნი გავხდეთ, მაგრამ რთული რეგიონული სიტუაცია არ ამართლებს ერთი კაცის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების გადაწყვეტილებას. ჩემთვის ცხადია, რომ დემოკრატიზაცია ძალიან რთული პროცესია.

- როგორ გეგმავთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებას?

- ჩვენ აღვადგენთ პირდაპირ მოლაპარაკებებს ჩვენს დებთან და ძმებთან, დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია. ჩვენ მშვიდობიანად ვცხოვრობდით.

- რა პირობებში იქნებოდა თქვენთვის მისაღები ამ რეგიონების დამოუკიდებლობა?

- ქართველი ხალხი არასდროს დათანხმდება მათ დამოუკიდებლობაზე.

- თბილისში ვიზიტის დროს მარტის შუა რიცხვებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გვიდო ვესტერველეს სურდა თქვენთან შეხვედრა. რატომ არ მიიღეთ მიწვევა?

- გულწრფელად რომ გითხრათ, შეურაცხყოფილი დავრჩი. მან იმავე შეხვედრაზე მიმიწვია, სადაც იმ ფსევდო-ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებოდა, რომლებიც სააკაშვილს ჯიბეში ჰყავს. შესაძლოა, სწორად არ იყო ინფორმირებული. როდესაც ვესტერველე ქვეყნიდან მიემგზავრებოდა, ასობით ჩემს მხარდამჭერს დაკითხვას უწყობდნენ.

- რუსმა ოლიგარქმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ ერთხელ გამოიწვია რუსეთის ლიდერი პუტინი. ის თქვენზე მდიდარი იყო, მაგრამ დღეს ციხეშია. არ გეშინიათ, რომ მის ბედს გაიზიარებთ?

- მე ჩემს გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ციხის არ მეშინია, არსებობს უარესი საფრთხეები. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან.

შპიგელი, გერმანია