ქართული დემოკრატია აშშ-ში კამათის საგანი ხდება - კვირის პალიტრა

ქართული დემოკრატია აშშ-ში კამათის საგანი ხდება

"საქართველოს დემოკრატიის აქტი 2012"-ის წარმოდგენით, რესპუბლიკელმა ჯიმ მაკდერმოტმა კონგრესის ცხოველი ინტერესი საქართველოს საშინაო პოლიტიკას მიაპყრო. დოკუმენტში, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ნათქვამია, რომ "დემოკრატია საქართველოში სერიოზული გამოწვევების წინაშეა და პოლიტიკური თავისუფლება და სამართლიანი კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის ილახება". მაგალითად, მთავრობა უფრო და უფრო მეტ პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს აპატიმრებს, ზღუდავს პრესის თავისუფლებას, ლახავს მშრომელთა სამართლიან უფლებებს, ხელს უშლის ოპოზიციური ჯგუფების მიერ დემონსტრაციების ჩატარების მცდელობას, ხშირად ძალადობრივი გზით".

კანონპროექტი სააკაშვილს ადანაშაულებს ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მის მხარდამჭერებზე ზეწოლისა და მათი დაკავების კამპანიის ინიცირებაში. კანონპროექტის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა უნდა შეუწყვიტოს საქართველოს დახმარება, თუკი არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ან ივანიშვილი და მისი პარტია ვერ მიიღებენ მასში სრულფასოვან მონაწილეობას.

"ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს იმ ზეწოლის გამოაშკარავებას, რომელიც სულ უფრო ძლიერდება საქართველოში. მე ვიცი, რომ კონგრესში ორივე მხარის წარმომადგენლები იზიარებენ ჩემს მზარდ შეშფოთებას საქართველოში პოლიტიკური პარტიების, მშრომელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროების გამო", - თქვა კონგრესმენმა.

საგულისხმოა, რომ ჯიმ მაკდერმოტი არ არის ერთადერთი კანონმდებელი, რომელიც ბოლო დროს საქართველოს საშინაო პოლიტიკით დაინტერესდა. ეს პრობლემა წამოჭრა რამდენიმე სენატორმა 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატურის, რიჩარდ ნორლანდის მოსმენაზე, რომელიც კონგრესმა გასული კვირის ბოლოს დაამტკიცა.

"მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი სასიცოცხლო დაინტერესება საქართველოს ხანგრძლივი უსაფრთხოებითა და სტაბილურობით, პირდაპირ არის დაკავშირებული მთავრობის შემდგომ დემოკრატიულ რეფორმებთან", - განაცხადა მოსმენის დროს სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა.

ახალმა ელჩმა, ნორლანდმა, საქართველოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები პირდაპირ დაუკავშირა შეერთებული შტატების დახმარებას საქართველოსთვის და ამ ქვეყნის ნატოში გაწევრებას.

"საქართველოს ინტერესების და მისი ნატოში გაწევრებისკენ მისწრაფების, ასევე, ამ მისწრაფებისადმი ჩვენი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდია.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება", - განაცხადა მან.

ნორლანდის კომენტარებმა საქართველოს დამკვირვებლები გააოგნა, რადგან აქამდე ადმინისტრაციის არც ერთ მოხელეს საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება ერთმანეთთან არ დაუკავშირებია და ადმინისტრაციის არც ერთ მოხელეს ამ ორი ფაქტის დასაკავშირებლად არ გამოუყენებია ტერმინი "ლაკმუსის ქაღალდი".

კონგრესის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ახალი და მზარდი ინტერესი გამოწვეულია ვაშინგტონში ივანიშვილის და მისი პარტიის, "ქართული ოცნების", ახალი და ექსპანსიური ლობისტური ძალისხმევით. ამ ძალისხმევას სათავეში უდგას მძლავრი ლობისტური კომპანია Patton Boggs-ი, რომელმაც ივანიშვილთან და მის "ქართუ ბანკთან" დაკავშირებული საქმიანობა დაარეგისტრირა.

ივანიშვილის ლობისტების გუნდი მოიცავს ასევე კოლუმბიის ოლქის კიდევ რამდენიმე ფირმას, მათ შორის, National Strategies-ს, რომელსაც თავის ანკეტაში მითითებული აქვს, რომ არ წარმოადგენს "უცხოურ სუბიექტს". National Strategies-თან დაუნი მაკგარტის ფირმა მუშაობს, რომლის ანკეტაშიც ვკითხულობთ, რომ ის არის„"უცხოური სუბიექტი" და„საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული არჩევნების“მიმართულებით მუშაობს. ივანიშვილის ლობისტურ გუნდს წარმოადგენენ ასევე კომპანიები: Parry, Romani, Deconcini, Symms-ი, როგორც ეს მათსავე სარეგისტრაციო ანკეტებშია მითითებული.

ივანიშვილს წარმოადგენს, ასევე BGR Group-ი (მის ანკეტებში ვკითხულობთ, რომ ის ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს). BGR-ი მოქმედებს ასევე წამყვანი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ირაკლი ალასანიას და მისი პარტიის, "თავისუფალი დემოკრატების"“სახელით, როგორც ეს მათსავე ანკეტებშია მითითებული. ამ დოკუმენტების თანახმად, ალასანიას პოლიტიკურ ძალისხმევას მხარს უჭერს და აფინანსებს ივანიშვილი.

იბეჭდება მცირედი შემოკლებით

"ფორინ პოლისი", აშშ