ნატოს ასპირანტურა საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

ნატოს ასპირანტურა საქართველოსთვის

ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე, საქართველომ აშშ-თან ნატოს ჩიკაგოს სამიტის (რომელიც 20-21 მაისს ჩატარდება) შემაჯამებელი განცხადების შეთანხმება შეძლო. საუბარია არა ნატოში საქართველოს მიღებაზე, არამედ მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასა და საქართველოს რეგიონებიდან - აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თბილისს ვაშინგტონთან არც ერთ საკითხში უთანხმოება არ აქვს და რომ შემაჯამებელი განცხადების ყველა პუნქტი მიღებულია. ასევე, მან აღნიშნა, რომ შეხვედრის "დროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც" განიხილეს. მინისტრმა საქართველოს ტელეკომპანიებს დამატებით ამცნო, რომ რუსეთის სამხედრო სწავლების - "კავკასია-2012"-ის დროს, შესაძლო პროვოკაციების შემთხვევაში, აშშ-ისა და სხვა პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიებისა და მხარდაჭერის იმედი აქვს.

ოფიციალური თბილისი ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ ოპოზიციაზე. ის ჩიკაგოში გამოსაქვეყნებელ დოკუმენტებს განსაკუთრებულ მიღწევად არ მიიჩნევს. მართლებიც არიან, რადგან ამგვარი განცხადება, სადაც რუსეთს "ოკუპანტს" უწოდებენ და "ოკუპირებული ტერიტორიებიდან" ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ, ძალიან ბევრია. მოსკოვი ყურს არ იბერტყავს და მსგავს განცხადებებს არად აგდებს. ამიტომ იმის იმედი, რომ ჩიკაგოს ნატოს სამიტის შემდეგ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთი თავის ჯარებს გამოიყვანს, არავის უნდა ჰქონდეს. ეტყობა, ამ განცხადებით დასავლეთმა და, უპირველესად ვაშინგტონმა, სამხრეთ კავკასიაში თავისი პარტნიორის დამშვიდება სცადა.

ნატოს ქვეყნების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიჩნევამ სოხუმი და ცხინვალი გააღიზიანა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს დაბრუნდება, ხოლო აფხაზეთის დამოუკიდებელ სუბიექტად აუღიარებლობაში აშშ დაადანაშაულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ასე შეაფასა: "ჩვენ აღგვაშფოთებს ის, რომ საქართველო ნატოს ასპირანტად მოიაზრება, იზრდება საქართველოს რემილიტარიზაციის პროცესი. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიაღწია სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების აღდგენას და მიიღო ნატოში საქართველოს გაწევრების პირობა. ყველაფერი ეს შემაშფოთებელია, რადგან ჩვენ არ გვინდა, სამხრეთ კავკასია მორიგი დესტაბილიზაციის კერა გახდეს."

რუსი მინისტრი ბოროტებად მიიჩნევს ნატოში მიღების პერსპექტივების განხილვას ადამიანთან, რომლის ბრძანებითაც ხოცავდნენ ხალხს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, "ხოცავდნენ იმ იარაღით, რომელსაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები აწვდიდნენ, შემსრულებლები კი იყვნენ სამხედროები, რომლებსაც ნატოელი ინსტრუქტორები წვრთნიდნენ", - განაცხადა ლავროვმა რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საუბრისას კი რუსეთის საგარეო უწყების მეთაურმა თქვა: "ჩვენ ორი ახალი დამოუკიდებელი მოკავშირე გვყავს და მათთან ურთიერთობა დღითი დღე მტკიცდება. ჩვენ გვინდა, სამხრეთ კავკასიაში ყველა სახელმწიფოსთან კონტაქტები რევანშისტული ზრახვების გარეშე მოგვარდეს."

"კომერსანტი", რუსეთი