გაკვეთილი ევროკავშირისთვის - კვირის პალიტრა

გაკვეთილი ევროკავშირისთვის

ოფიციალურმა კრემლმა კვლავ დაამტკიცა, რომ ოსტატურად შეუძლია კულისებს მიღმა მოლაპარაკებებით ევროკავშირის სტრატეგიული პროექტების ჩაშლა. ევროკავშირის ქვეყნების ურთიერთობის ახლანდელი მდგომარეობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის გაძნელებული ევროკავშირის დივერსიფიკაციის რეალიზაციის პროცესი. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ქვეყნის ეგოიზმი საერთო-ევროპულ ინტერესებზე მაღლა დგას.

ცოტა ხნის წინ რუსეთის დიპლომატიამ სათავისოდ გამოიყენა უნგრეთისა და ევროკავშირის ხელმძღვანელების უთანხმოება და უნგრეთი დაარწმუნა, საბოლოოდ ეთქვა უარი Nაბუცცო-ს გაზსადენის მშენებლობის პროექტში მონაწილეობაზე. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის ნავთობისა და გაზის კომპანია MOL-ი ტოვებს Nabucco-ს პროექტს, რადგან ამ პროექტში მრავალი ბუნდოვანი საკითხია, ფინანსური და სარესურსო ბაზებიც გაურკვეველია, მათი უგულებელყოფა კი შეუძლებელია. რუსეთი სულ უფრო მეტად აქტიურობს "სამხრეთის პროექტის" რეალიზებაში, რომელმაც ასევე უნდა გაიაროს უნგრეთზე. საერთოდ, "უნგრეთს ეკონომიკური მიზეზები გააჩნია რუსეთის პროექტში მონაწილეობის სასარგებლოდ".

გეგმის მიხედვით, Nabucco-მ ახლო აღმოსავლეთიდან წელიწადში 131 მლრდ კუბმ ბუნებრივი გაზი უნდა წამოიღოს და შეამციროს რუსეთის გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულება. მაგრამ ჯერ არ არსებობს საბოლოო გეგმები არც მისი გაყვანის ადგილსა და დაფინანსებაზე, ასევე, რაც მთავარია, მილების შესავსებად საჭირო მიწოდების წყაროც გაურკვეველია. რუსეთის გაზის როლი კი დღითი დღე იზრდება ევროპული გაზის ბაზარზე, თანაც, რუსეთი თავისი წარმატების გამყარებას აპირებს. კომერციული გაზის მიწოდება "სამხრეთის ნაკადში" 2015 წლის დეკემბერში დაიწყება. პროექტის რეალიზაციისთვის ხელშეკრულებები გაფორმდა ავსტრიასთან, ბულგარეთთან, უნგრეთთან, საბერძნეთთან, სერბეთთან, სლოვენიასა და ხორვატიასთან. "რასაკვირველია, ჩვენი მიზანია მომავალში მივაღწიოთ ენერგოდამოუკიდებლობას. მივაღწიოთ იმას, რომ უნგრეთი ენერგორესურსების არც ერთ მომწოდებელზე არ იყოს დამოკიდებული".

"რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად უნგრეთმა აუცილებლად უნდა ააშენოს გაზსადენები მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, სლოვაკიაში, ხორვატიასა და იტალიაში" - განაცხადა ორბანმა.

"საქართველომ მოახერხა რუსეთის ენერგოდამოკიდებულებისგან თავის დაღწევა და დამოუკიდებელი ენერგეტიკის შექმნა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სვანეთში, ნენსკრაჰესის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ცერემონიალზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დღეს გაზმომარაგების მსოფლიოში ყველაზე სანდო წყარო გააჩნია (საქართველოს გაზი აზერბაიჯანიდან მიეწოდება) და დამოუკიდებელი, სუფთა და ეფექტიანი ენერგიის წყარო - ჰიდროენერგეტიკა აქვს. პრეზიდენტმა თქვა: "საქართველო რომ კვლავ რუსეთის ენერგეტიკაზე ყოფილიყო დამოკიდებული, ის კარგა ხნის წინ გამოემშვიდობებოდა დამოუკიდებლობას".

გარდა ამისა, ორი თვის შემდეგ დაიწყება კიდევ ერთი მსხვილი სადგურის, ნამახვანჰესის მშენებლობა, რომელიც ნენსკრაჰესთან ერთად სიმძლავრით მიუახლოვდება ენგურჰესის სიმძლავრეს. ელექტროენერგიის წარმოება ქართული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, "ენერგეტიკა - ეკონომიკის ხერხემალია".

"ზერკალო", აზერბაიჯანი