საქართველოს გამთლიანების სანაცვლოდ - კვირის პალიტრა

საქართველოს გამთლიანების სანაცვლოდ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის ჯარებს გაიყვანს, პრეზიდენტის პოსტიდან გადავდგებიო.

სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც რფ-ის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა რუსეთის ხუთი ტელეარხის ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ხელში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების სტატუსის შესახებ თბილისთან საუბარი გამორიცხულია. გარდა ამისა, მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტს უწოდა "ცარიელი ადგილი" და "ნული", რომელიც "ადრე თუ გვიან პოლიტიკური ისტორიიდან წავა". "ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობა ვიქონიოთ ამ ქვეყნის ყველა სხვა ლიდერთან, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა, შევთავაზოთ ის, რის მისაღებად ისინი მზად იქნებიან", - დასძინა მან.

"ჩემი პასუხი მარტივია, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, - თუ ისინი (რუსეთის ხელისუფლება) მზად არიან დაუბრუნონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, გაიყვანონ იქიდან თავისი ჯარები, მზად ვარ, დღესვე გადავფრინდე, სადაც მეტყვიან და ხელი მოვაწერო ხელშეკრულებას, რომ საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ ხელისუფლებას დავტოვებ და ჩვენი მთავრობაც გადადგება. ასევე, მზად ვარ, მოვიჭრა და გავუგზავნო მათ ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომლისადმიც არაერთხელ გამოუჩენიათ ცხოველი ინტერესი, მე ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ", - დასძინა მან.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში ხელისუფლების შეცვლა უნდა, რადგან ხედავენ, თუ როგორ განვითარდა ბოლო დროს მათი მეზობელი ქვეყანა. აყვავებული საქართველო კი მოსკოვისთვის "ყველაზე დიდი უბედურებაა"...

"ქვეყანა, რომელიც განადგურებულად გამოაცხადეს 2008 წელს, ფერფლიდან აღდგა. ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ სამაგალითო გახდა არა მარტო რუსეთის ოპოზიციისთვის, რუსეთის დღევანდელი მთავრობისთვისაც. კრემლს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იმიტომაც უნდა, რომ ჩვენთან ისეთი ძალა მოიყვანოს, რომელიც ირიბად ან პირდაპირ დააკანონებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და შეურიგდება ახალ რეალიებს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

"კომერსანტი", რუსეთი