რის ფასად შენდება საქართველო?! - კვირის პალიტრა

რის ფასად შენდება საქართველო?!

როდესაც ამ ღვინის ქვეყნის დასავლეთით შავი ზღვის სანაპიროდან აღმოსავლეთისკენ მიემგზავრები, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს საქართველოში საყოველთაო მშენებლობა მიმდინარეობს.

ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხაზები, ავტომაგისტრალები, პორტები, პარკები და საჯარო თავშეყრის ადგილები საოცარი სისწრაფით ჩნდება, ისევე როგორც ტურიზმის ისეთი ახალი კერები, როგორებიცაა სიღნაღი და მესტია.

მაშინ, როდესაც ერთი შეხედვით ეს გამალებული მშენებლობა შთამბეჭდავია, და მთავრობა მას ხშირად სარეკლამოდ იყენებს, როგორც დასტურს, რომ საქართველო სწრაფად მიიწევს წინ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, სინამდვილეში ბევრი რამ სხვაგვარადაა.

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ მომზადებული ბოლოდროინდელი ანგარიშები ცხადყოფს, რომ ამ მშენებლობების დიდი ნაწილი მესაკუთრეთა უფლებების ფეხქვეშ გათელვის საფუძველზე აღმოცენდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მიწის მესაკუთრეები მთელი ქვეყნის მასშტაბით (განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მთავრობას რაიმე ახლის აშენების ინტერესი აქვს) უცბად აღმოაჩენდნენ ხოლმე, რომ მათი ქონება სახელმწიფოს ხელშია, თანაც საზარელი გარემოებებით.

ანგარიშში ასახულია ასობით ადგილობრივი მიწის მესაკუთრის ურთულესი მდგომარეობის ქრონიკა, ადამიანებისა, რომლებიც ხედავდნენ, თუ როგორ გადადიოდა მათი ქონება სახელმწიფოს ხელში. ეს პროცესი სხვადასხვა გზით ხორციელდებოდა.

ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია მთავრობის მიერ მშენებლობისთვის მონიშნულ რეგიონებში იმ მიწების უზარმაზარი მონაკვეთების ელექტრონული რეგისტრაცია სახელმწიფო ქონებად, რომელიც მანამდე ინდივიდების სახელზე მხოლოდ ქაღალდზე იყო აღნიშნული.

კერძო მიწების ეფექტიანი დატაცება 2010 წელს საჯარო რეესტრმა დაიწყო. ხელი მიჰყვეს საკუთრების რეგისტრაციის გადატანას ძველი, საქაღალდო სისტემიდან კომპიუტერიზებულ სისტემაზე. როდესაც ადგილობრივმა მესაკუთრეებმა საკუთარი რეგისტრაციის დოკუმენტაცია ააფრიალეს და მთავრობას უჩივლეს, სასამართლოებმა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მთავრობის სასარგებლოდ ერთხმად გამოიტანეს.

გავრცელებული მეთოდია ის, რომ სპეციფიკურ რეგიონებში ან ისეთი ადგილების მეზობლად, სადაც დეველოპერული პროექტები სპონტანურად იწყება, მიწის მესაკუთრეები საკუთარ მიწებს სახელმწიფოს ან „ჩუქნიან, ან ოფიციალურად „უარს ამბობენ“მასზე, რის შემდეგაც მათი ქონება სახელმწიფოსი ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ხალხი სახელმწიფოს ჩუქნის“იმ მიწას, სადაც ცხოვრობს, მიწას ამუშავებს, ან ბიზნესი აქვს. სხვა შემთხვევაში, ადამიანები "უარს ამბობენ"  საკუთარ მიწაზე, რომლის გამოც უამრავი პრობლემა შეექმნათ და დიდი ხარჯი გაიღეს სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე. ეს ე.წ. "ჩუქებები", როგორც ირკვევა, მთავრობის წარმომადგენლების ზეწოლის და დაშინების შედეგია.

ეს სამწუხაროა მაშინ, როდესაც საქართველო ჩქარობს ააშენოს გზები, პორტები და ტურისტული ადგილები. მთავრობას, როგორც ჩანს, ავიწყდება, რომ პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მიზანი. სამშენებლო მოედნებით, რომელიც დღეს მთელ ქვეყანაშია გაბნეული, რამდენიმე წელიწადში საქართველო უდავოდ გახდება განახლებული ქვეყანა, მაგრამ რის ფასად?

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ