"გავლენის სფეროსა და ვეტოს საკითხებში კომპრომისზე ვერ წავალთ"... - კვირის პალიტრა

"გავლენის სფეროსა და ვეტოს საკითხებში კომპრომისზე ვერ წავალთ"...

ამონარიდი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინტერვიუდან:

- რამდენიმე თვის წინ თქვენ თბილისსა და კიევში არწმუნებდით უკრაინელებს და ქართველებს, რომ რუსებთან "გადატვირთვა" მათ ხარჯზე არ მოხდებოდა. ცენტრალურ ევროპაშიც იგივე გაიმეორეთ. მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანი შიშობს, რომ "გადატვირთვა" რეგიონში დაშოშმინების პოლიტიკად შეიძლება იქცეს.

- ვფიქრობ, ეს პრობლემა უკვე მოგვარდა. არა მგონია, ახლა საკითხი ასე იდგეს. ჩემი გზავნილი კი მარტივია: ჩვენ სწორედ ევროპაში უნდა შევინარჩუნოთ ინტენსიური ჩართულობა. ამ ვალდებულებების შესასრულებლად გვჭირდება დაცული, ერთიანი, თავისუფალი ევროპა, რომელიც ფართოვდება... როდესაც მე სიტყვით გამოვედი მიუნხენში, მოსკოვი მშვენივრად მიხვდა ჩემს ნათქვამს.

ჩვენ გადატვირთვის ღილაკის ამოქმედება გვინდა, მაგრამ მეხსიერების წაშლის ღილაკისთვის არ დაგვიჭერია ხელი. სავსებით ნათლად ვთქვი, რომ არსებობს ორი პრინციპი, რომელიც დისკუსიის საგანი ვერ გახდება: ჩვენ ვერ ავიტანთ გავლენის სფეროებს და არ გავხდებით რომელიმეს ნაწილი, ასევე ევროპის ნებისმიერ კუთხეში, ან სადმე, მსოფლიოში, ვერავინ დაადებს ვეტოს რომელიმე ქვეყნის უფლებას, გადაწყვიტოს, რომელ ალიანსს, რომელ კავშირს მიუერთდეს.

- სამხრეთ კავკასია, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის, როგორც სატრანზიტო ენერგეტიკული მარშრუტი, შარშანდელი რუსულ-ქართული ომის შემდეგ დრამატულად შეიცვალა. რუსეთი საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განამტკიცებს თავის პოზიციებს (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში), მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალას იკრებს, თურქეთმა და სომხეთმა საზღვრები გახსნეს. ერთი მხრივ, აქ უამრავი შესაძლებლობაცაა და უამრავი საფრთხეც. შეგიძლიათ ამ თემებზე ორიოდე სიტყვა გვითხრათ?

- მართალს ბრძანებთ. ვფიქრობ, ამ რეგიონში ადამიანები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ აუცილებელია უფრო დიდი თანამშრომლობა, წინა პლანზე უნდა დადგეს არა სიყვარული და სიმპათია, არამედ საჭიროებები და შესაძლებლობები. ამავე დროს, ევროპა იღვიძებს, იმაზე იწყებს კონცენტრირებას, როგორ ითამაშოს კონსტრუქციული როლი და მოახერხოს თავისი ბაზრების უზრუნველყოფა ამ რეგიონის ბუნებრივი რესურსით. ეს ძალიან რთული პერიოდი იქნება. ის სავსეა ხიფათით, მაგრამ მგონია, რომ უფრო მეტი პოზიტიური რამ ხდება, ვიდრე ნეგატიური. საქმეს დიდი ნიჭი, მაგრამ უფრო მეტი იღბალი სჭირდება. ჩვენც ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან თურქეთში, ევროპაში, ცენტრალური ევროპის და კავკასიის ქვეყნებთან, რომლებიც გარდამავალ ეტაპზე იმყოფებიან.

დარწმუნებული ვარ, ათი წლის შემდეგ  მსოფლიოს ეს რეგიონი იქცევა საზომად ჩვენი შვილიშვილებისთვის. ისინი ამ საზომით განსაზღვრავენ, მივაღწიეთ თუ არა წარმატებას, XXI საუკუნეში რეალურად შევცვალეთ თუ არა მსოფლიო. ამიტომ მგონია, რომ ამ რეგიონში პროგრესის შეფერხების შედეგებს მთელი მსოფლიო იგრძნობს. ამიტომაცაა მასზე ამდენი ადამიანი კონცენტრირებული. მე უფრო იმედიანად ვარ, ვიდრე პესიმისტურად.

- მიუხედავად რუსეთის დღევანდელი პოზიციისა?

- დიახ. რუსეთი ისევე, როგორც აშშ, როგორც ყველა სხვა ქვეყანა, ცვლილებებზე რეაგირებს. ეს არავის ბრალი არ არის. ჩვენ ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე ვართ და რუსეთი თავის ახალ იდენტობას და ახალ როლს განსაზღვრავს. რუსეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და მას შეუძლია პოზიტიურ პროგრესში მნიშვნელოვანი ძალა იყოს, მაგრამ რუსეთი რთულ ფაზას გადის ზუსტად ისე, როგორც ჩვენ რთულ ეკონომიკურ პერიოდს. მე რუსეთს რეალისტის თვალით ვუყურებ. ვფიქრობ, ის მომდევნო ათწლეულში გადაწყვეტს, რომ მის ინტერესშია უფრო მეტი ინტეგრაცია, არსებულისგან განსხვავებული კურსი. ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ დიალოგი. თუმცა არსებობს საკითხები, რომელზეც კომპრომისზე ვერ წავალთ - ეს გახლავთ გავლენის სფეროს იდეა ან ვეტოს დადების უფლება; მაგრამ ახლა ცვლილებების დროა. ეს კი ჩვენგან, როგორც ამას პრეზიდენტი ამბობს, მოლაპარაკებებს და რეალიზმს ითხოვს და ამიტომ მგონია, რომ ყოველივე ეს იმედისმომცემი უფროა, ვიდრე სახიფათო.