"აფხაზეთთან მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთთან მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს"

ამონარიდი მოსკოვში თურქეთის ელჩის, ხალილ აკიჯანის ინტერვიუდან:

- ამ ბოლო დროს თურქეთსა და რფ-ს შორის პარტნიორული, მეგობრული დამოკიდებულება დამყარდა. ანკარამ გაზსადენ "სამხრეთის ნაკადის" პროექტის განსახორციელებლად შავ ზღვაზე, თავის ეკონომიკურ ზონაში, რუსეთს გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების უფლებაც მისცა. ბ-ნი ერდოღანი და პუტინი ადვილად პოულობენ საერთო ენას და, აქედან გამომდინარე, პუტინს ერდოღანისთვის ხომ არ უთხოვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება?

- ეს საკითხი განიხილეს თუ არა, არ ვიცი. ოფიციალური მომართვა მოსკოვიდან არ მიგვიღია. თურქეთში მცხოვრებ აფხაზური წარმოშობის ბევრ ადამიანს კავშირი აქვს აფხაზეთთან, მაგრამ სახელმწიფოს შექმნის აღიარება პრინციპის საკითხია. შარშან აგვისტოში მოსკოვში ჩასულმა ჩვენმა პრემიერმა კავკასიაში თანამშრომლობისა და სტაბილურობის პლატფორმაზე ისაუბრა. რუსეთის ხელმძღვანელობა დადებითად შეხვდა ამ ინიციატივას. მაგრამ ამ მრავალწლიანი პრობლემების გადაწყვეტა ერთ წელიწადში შეუძლებელია.

- 16 აგვისტოს საქართველოს სამხედრო კატერმა შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში აფხაზეთისთვის განკუთვნილი ტვირთით სავსე სოხუმში მიმავალი ტანკერი "ბუკეტი" დააკავა. ეკონტაქტება ანკარა თბილისს აფხაზეთში გაგზავნილი ტვირთის უსაფრთხოებაზე?

- ურთიერთობა ქართულ მხარესთან გვაქვს. ცხადია, ცუდია, რომ ჩვენი გემი დააკავეს. ჩვენ აფხაზეთთან მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს. იმედია, ასეთი ინციდენტები აღარ განმეორდება.

- ხომ არ გეგმავს თურქეთი აფხაზეთთან საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას?

- ეს ურთიერთობა უკვე გვაქვს.

- თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში მშვიდობიანი დაბრუნება?

- ჩვენი მთავრობა პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ეხება რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის აზერბაიჯანსაც.

- გამორიცხავთ იმას, რომ შეიძლება ოდესმე თურქეთმა აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი?

- არა მგონია, რომ ეს მოხდეს.