საქართველო - მიშას გარეშე - კვირის პალიტრა

საქართველო - მიშას გარეშე

2008 წელს, საპარლამენტო არჩევნებისას, ამ სტატიის ავტორი სემ პატენი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მრჩეველი იყო, ამ ბოლო დროს კი ის საქართველოს ოპოზიციის ლიდერებს, ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს უწევდა კონსულტირებას.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ-მიშა“ სააკაშვილი, რომელსაც თანამდებობის დატოვების ვადა უახლოვდება, მომხიბვლელი ადამიანია. ამ აზრს დაეთანხმება ყველა, ვინც მას შეხვედრია. მაგრამ ის, ვინც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება, მიხვდება, რომ მისმა არაორდინარულმა ინდივიდუალობამ გადაფარა მისივე მთავრობის რეფორმების შედეგები. იმის გამო, რომ მასთანაც მიმუშავია და მის წინააღმდეგაც, ერთ დასკვნამდე მივედი: შესაძლოა, ყველაზე მთავარი ძღვენი საქართველოსთვის მიშას ჯერ არ მიურთმევია. თუ ის გვერდზე გადგება და თავის ავტორიტარულ სისტემას შეასუსტებს, ისტორია და საკუთარი ხალხი მას სხვა თვალით შეხედავს.

ის უნდა წავიდეს და გარედან უნდა დააკვირდეს იმას, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა მის გარეშე.

შარშან ამ პოლიტიკურ აყალმაყალში ივანიშვილმა შემოაბიჯა და დიპლომატიური კორპუსი თავის ულტრათანამედროვე სასახლეში მიიპატიჟა. პირველი კითხვა, რომელიც მას აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა დაუსვა, ასე ჟღერდა: ხომ არ აპირებს ივანიშვილი პოლიტიკური ტემპერატურის აალებას. ბასის პოზიცია სრულიად გასაგები იყო: ამ მომენტამდე სააკაშვილის ოპოზიცია მხოლოდ ქუჩის პროტესტანტებისგან შედგებოდა, რომლებიც გაიძახოდნენ, - "წადი, მიშა, წადი!" მიშას ფენომენალურად მაღალი პირადი რეიტინგები კი საპირისპიროს აჩვენებს. მისი პოპულარობა ჯერ ისე არ დაცემულა, როგორც მისი მოსისხლე მტრის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა დაეცა რუსეთში და ოპოზიცია უფრო ბრძნულად მოიქცევა, თუ ამ ფაქტორს გაითვალისწინებს. გიყვარს მიშა, თუ გეზიზღება, მისი ხშირად ექსცენტრიკული ქცევის კრიტიკა გამარჯვების სტრატეგიად არ გამოდგება. ხოლო მიშას, რომელსაც ახლა ყველა კოზირი აქვს ხელში, ბევრი შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ მართლაც მოიპოვოს ადგილი ისტორიაში, რაც მას ასე სწყურია. იმისთვის, რომ ისეთივე დიდ ფიგურად დარჩეს, როგორადაც ოდესღაც მიაჩნდათ და თავის მემკვიდრეობას უკეთესი სამსახური გაუწიოს, ოქტომბრის არჩევნებამდეც კი უნდა შეწყვიტოს მის ხელთ არსებული კოზირების გამოყენება.

"მასკის" პროგრამის პირველ კურსდამთავრებულ სააკაშვილს, რომელსაც თავისი ქვეყნის მართვა ხვდა წილად, შეუძლია მეტი გააკეთოს იმისთვის, რომ თავის წარსულ და ამჟამინდელ სპონსორებზე შთაბეჭდილება მოახდინოს, მომავალი ხუთი თვის განმავლობაში ცოტაოდენი კეთილშობილება გამოიჩინოს: შეარბილოს ზეწოლა მედიაზე, თავისი ოპონენტების ცალმხრივი დევნა და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გაათანაბროს სათამაშო ველი. ყველაფერს ამას აუცილებლად შეამჩნევენ.

"ფორინ პოლისი", აშშ