რაფაელ კორეამ კრემლს იმედი გაუცრუა - კვირის პალიტრა

რაფაელ კორეამ კრემლს იმედი გაუცრუა

მოსკოვში ვიზიტით ჩასულ ეკვადორის პრეზიდენტს კრემლში დიდი პატივით დახვდნენ - ორკესტრითა და სამხედრო ყარაულით. რუსეთის პრეზიდენტთანშეხვედრისას რაფაელ კორეამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა რუსეთის მიმართ, მაგრამ ის, რისიც გაგონებაც მედვედევს ყველაზე მეტად სწყუროდა - ვერა და ვერ გაიგონა - ეკვადორის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ეკვადორი მოსკოვმა კრედიტების გარეშე დატოვა. არადა რუსეთმა დიდი გულუხვობა გამოიჩინა ნიკარაგუისა და ვენესუელის მიმართ. არ დადებულა არც ერთი ხელშეკრულება ენერგეტიკის სფეროში, გაფორმდა მხოლოდ მემორანდუმები და გეგმები ორი ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროების თანამშრომლობის შესახებ და ატომური ენერგიის ერთობლივად გამოყენების ჩარჩო-ხელშეკრულება. თუმცა ითქვა, რომ ეკვადორელები ატომური ენერგიის სადგურის აშენებას 15 წლის მერე აპირებენ.

ერთადერთი, ძალზე მოკრძალებული კონტრაქტი გაფორმდა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში "როსობორონექსპორტთან" ეკვადორი მისგან ორ შვეულმფრენ МИ-171Е-ს იყიდის 22 მლნ დოლარად.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე დმიტრი მედვედევმა აქცენტი გააკეთა პოლიტიკურ საკითხებსა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერილ დეკლარაციაზე. თქვა, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ინტენსიური ურთიერთობა სამხრეთ ამერიკასთან. მართლაც, ბოლო დროს რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს ამ რეგიონთან, კერძოდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საქმეში. მოსკოვის მიმართ ეს მეგობრული ჟესტი უკვე გააკეთეს ნიკარაგუამ და ვენესუელამ, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რაფაელ კორეა, რომელიც უგო ჩავესს უფროს ძმას, მეგობარს და მასწავლებელს უწოდებს, მის მაგალითს მიჰბაძავდა. ყველა გულის ფანცქალით ელოდა სასურველ სიტყვებს, მაგრამ ეკვადორის პრეზიდენტმა ისე ჩაათავა საკმარისად გრძელი მოხსენება, რომ სოხუმი და ცხინვალი არც უხსენებია. არადა, სარწმუნო წყაროს ცნობით, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ რესპუბლიკების აღიარებაზე გულმოდგინედ მუშაობდა. მოსკოვს ეგონა, რაფაელ კორეას უგო ჩავესის მსგავსად, რუსული იარაღის კრედიტის სანაცვლოდ მაინც აღმოხდებოდა სანუკვარი სიტყვები.

რფ-ის ფინანსთა მინისტრის, ალექსეი კუდრინის ცნობით, ეკვადორმა რუსეთს სესხი სთხოვა, ხოლო სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის უფროსმა მიხაილ დმიტრიევმა თქვა, რომ ამ ქვეყანას რუსეთის იარაღის ახალი პარტიის შესყიდვა უნდა. სარწმუნო ცნობით, მოსკოვი საამისოდ 200 მლნ-ის გამოყოფას აპირებდა, რაც ნიკარაგუისთვის დაპირებულ 1 მლრდ-სა და უგო ჩავესის მიერ მოსკოვიდან წაღებულ 2,2 მლრდ დოლართან შედარებით, მეტად მოკრძალებული თანხაა. როგორც ეტყობა, მხარეები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

ზოგიერთი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ აქ როლი სხვა ფაქტორებმაც ითამაშეს. რაფაელ კორეას მდგომარეობა გაცილებით სტაბილურია, ვიდრე დანიელ ორტეგასი, და უგო ჩავესისაც კი, რომელთა რეჟიმები კრიზისის გამო შესუსტებულია. ეკვადორის პრეზიდენტმა ამას წინათ კონსტიტუცია შეცვალა და აპრილში ქვეყნის მეთაურად ახალი ვადით აირჩიეს. მისი რეიტინგი 50%-ის ქვემოთ არ ჩამოდის. სულ ცოტა ხნის წინ გრძელვადიანი კრედიტი (1,5 მლრდ) აიღო, ამიტომ ფული მაინცდამაინც  არ სჭირდება. გარდა ამისა, ეკვადორის ნავთობის მთავარი მყიდველი აშშ-ია. ასე რომ, ვაშინგტონთან ურთიერთობის გაფუჭებას კორეა არ აპირებს. დაბოლოს, ეკვადორისადმი ინტერესს მდიდარი ჩინეთიც იჩენს. ივლისში პეკინმა ხელშეკრულება დადო ნავთობის შესყიდვაზე.

გამოდის, რომ მოსკოვის მოკრძალებული კომერციული წინადადება, რომელიც დანიელ კორეას რუსეთთან მეტისმეტად ძლიერი პოლიტიკური კავშირებით დააკავშირებდა, ეკვადორის მეთაურს ხელს ბოლომდე არ აძლევს.