როცა საქართველო გზაჯვარედინს უახლოვდება... - კვირის პალიტრა

როცა საქართველო გზაჯვარედინს უახლოვდება...

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპონენტებმა 27 მაისს თბილისში დიდი პოლიტიკური მიტინგი გამართეს. ეს გამოსვლა, წლევანდელი საშემოდგომო საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიის უფრო ძლიერი დასაწყისი აღმოჩნდა.

ათობით ათასმა კაცმა გაავსო თბილისის მთავარი, თავისუფლების მოედანი და მახლობელი ქუჩები. დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა დაახლოებით 80000 დამსწრე დათვალეს, რამაც ეს დემონსტრაცია ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოსვლად აქცია 2003 წლის იმ ქუჩის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა.

დემონსტრაცია იმ დროს დაემთხვა, როდესაც საქართველო თავისი პოსტსაბჭოთა პოლიტიკის გზაჯვარედინს უახლოვდება.

სააკაშვილს, რომლის ხმაურიანი ორვადიანი საპრეზიდენტო მმართველობა დასასრულს უახლოვდება, თანამდებობიდან წასვლა 2013 წელს მოუწევს. ის ახლა პირისპირ აღმოჩნდა წარმატების იმ პარადოქსის წინაშე, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში დემოკრატიული რეფორმების გამტარებელი პოლიტიკოსებისთვის არის დამახასიათებელი. არჩევანი ასეთია: არსებობს რისკი იმისა, რომ მას ამომრჩევლები მოიცილებენ თავიდან, ან ის აირჩევს კარიერას, რომელიც ვადებით განსაზღვრულ ლიმიტს დაიცავს. სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა დასასრულს უახლოვდება და მასებმა ქუჩაში კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ "არსებობს ბევრი უკმაყოფილო ადამიანი, რომელიც ხელისუფლებიდან მის წასვლას ისურვებდა", - გვითხრა სატელეფონო საუბარში საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის თბილისის ოფისის დირექტორმა ლოურენს შითსმა.

დემონსტრანტებმა მხარი დაუჭირეს უმდიდრესი ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ პარტიას "ქართულ ოცნებას". ამ გამოსვლამ დაადასტურა, რომ მას, ფინანსურ შესაძლებლობებთან ერთად, დედაქალაქში მაინც, ხალხის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს.

ფსონები საშინაო პოლიტიკას სცდება: სააკაშვილისთვის ის, რომ ამ უკმაყოფილების საფუძველზე ოქტომბრის თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებში ოპონენტს უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა მისცეს, ნიშნავს რისკს იმისას, რომ ძალაუფლებას პარლამენტში მოიპოვებს კაცი, რომელსაც, სულ ცოტა, თავისი ბიზნესიმპერიით მაინც, მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან...

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ