კა-გე-ბეს ყოფილმა აგენტმა პუტინი "გაყიდა" - კვირის პალიტრა

კა-გე-ბეს ყოფილმა აგენტმა პუტინი "გაყიდა"

კა-გე-ბეს ყოფილმა აგენტმა კონსტანტინე პრეობრაჟენსკიმ  Front Page Magazine -ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, - გარდაცვალებამდე ლიტვინენკომ მითხრა,

ირანის პრეზიდენტ აჰმადინეჯადის მთელი ანტიამერიკული რიტორიკა პუტინის მიერ არის ნაკარნახევიო. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

- ობამას ადმინისტრაციას შეიძლება ჰქონდეს რუსეთის იმედი ირანთან დაკავშირებით?

- ამერიკელებს სულ ჰგონიათ, რუსები ჩვენსავით ფიქრობენო. სწამთ, რომ ირანი საშიში ქვეყანაა და თავისი ბირთვული იარაღით დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. რუსები ასე არ ფიქრობენ. ისინი კმაყოფილები არიან შექმნილი ვითარებით. აშშ-ის დასუსტება რუსეთის რეჟიმის სტრატეგიული მიზანია.

- რუსეთს არ ეშინია, რომ ირანი მის წინააღმდეგ გამოიყენებს რაკეტებს?

- არც ირანისა ეშინია და არც ჩრდილოეთკორეული რაკეტებისა. ირანის რაკეტები ამერიკისა და მისი მოკავშირეებისკენ არის მიმართული და პუტინმა ეს მშვენივრად იცის. თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ ირანი არასდროს ავნებს რუსებს, მაგრამ კრემლი ყოველთვის აიარაღებდა თავის პოტენციურ მტრებს - ნაცისტურ გერმანიას 1930 წელს და ჩინეთს - 1950 წელს. ახლა რუსეთი ისევ ამარაგებს ჩინეთს, ირანსაც. თუმცა ის არ ყოფილა მისი მეგობარი. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა ამერიკის მოტყუებას ირანთან დაკავშირებით. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი იხსენებს: "2007 წელს პუტინმა პრაქტიკულად უარყო იდეა, რომ 2020 წლისთვის ირანს რაკეტები ექნებოდა. მაჩვენა თავისი მზვერავების მიერ მომზადებული რუკა. ვუთხარი, დაზვერვის ახალი სამსახური გჭირდებათ-მეთქი". გეიტსს არ უეჭვია, რომ პუტინი ცრუობდა. რუსეთის პრეზიდენტმა მშვენივრად იცოდა, რაც ხდებოდა ირანში და მზვერავების მიერ შედგენილი დეზინფორმაციული რუკა სწორედ გეიტსისთვის შეიქმნა.

- რას გვეტყვით რუსეთ-ირანის ამჟამინდელ ურთიერთობაზე?

- დღეს რუსეთისა და ირანის სადაზვერვო სამსახურები პარტნიორები არიან და არა მარტო ამერიკასთან, არამედ ავღანეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთის შიგნით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებითაც. რუსეთი სულ უფრო და უფრო გვაგონებს დესპოტურ აღმოსავლურ სახელმწიფოს, ამიტომაც უჩოჩდება ირანს და შორდება აშშ-ს.