იუშჩენკოს წარმომადგენელი პუტინს აკრიტიკებს - კვირის პალიტრა

იუშჩენკოს წარმომადგენელი პუტინს აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს წარმომადგენლის ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთაშორისო საკითხებში, ბოგდან სოკოლოვსკის თქმით, პუტინის

განცხადება, თითქოს უკრაინა ვერ გადაიხდის გაზის საფასურს, სრულიად უსაფუძვლო და არამეგობრულია.

სოკოლოვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა: იმის მიუხედავად, რომ 2009 წლის იანვარში უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს მოსკოვში ვიზიტის დროს დაიდო ჩვენთვის არაპარტნიორული და კაბალური კონტრაქტი, უკრაინა ზედმიწევნით პატიოსნად და დროულად იხდიდა გაზის საფასურს. იუშჩენკოს წარმომადგენლის თქმით, ეს კონტრაქტები "გაუმჭვირვალეა" და უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მათი გადახედვა აუცილებელია.

სოკოლოვსკიმ პუტინის სიტყვებიც მოიყვანა, - უკრაინას აქვს ფული რუსული გაზის საფასურის გადასახდელად, მისი მთავარი კრედიტორი, მსოფლიო სავალუტო ფონდი გადახდის წინააღმდეგი არ არისო. "უკრაინას არ სჭირდება კონსულტანტები, რომლებიც უკარნახებენ, როგორ გამოვიყენოთ მსოფლიო სავალუტო ფონდიდან ნასესხები თანხები, - თქვა სოკოლოვსკიმ და დასძინა, - უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა მეზობელი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საბიუჯეტო პოლიტიკაში ერევა".

კომპანია "უკრაინის ნეფტოგაზი" გაზპრომს ყოველი თვის 7 რიცხვამდე უხდის საფასურს. 2009 წლის განმავლობაში უკრაინას არც ერთხელ არ დაუგვიანია გადახდა.