თურქეთმა "ნაბუკოსთვის" გაზი ირანში იპოვა - კვირის პალიტრა

თურქეთმა "ნაბუკოსთვის" გაზი ირანში იპოვა

თეირანში თურქეთის პრემიერის რეჯებ თაიფ ერდოღანის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას ნავთობგაზის სექტორთან დაკავშირებით.

დოკუმენტი ითვალისწინებს ანკარის მონაწილეობას სამხრეთ ფარსის - მსოფლიოს უდიდესი გაზის საბადოს ათვისებაში, რომელსაც ირანი კატართან იყოფს. თურქეთი მიიღებს უფლებას, წელიწადში გაყიდოს 17,5 მლრდ კუბმეტრი გაზი. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მემორანდუმს ვაშინგტონის მხარდაჭერით მოეწერა ხელი და სწორედ ირანის გაზი გახდება მილსადენ "ნაბუკოს" პრიორიტეტული სარესურსო ბაზა.

თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის განცხადებით, ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ირანის გაზი "ნაბუკოსთვის" გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ერაყის, თურქმენეთისა და აზერბაიჯანისა.

"ნაბუკოს" მშენებლობა თურქეთის ქალაქ არზრუმიდან დაიწყება და ავსტრიულ ბაუმგარტენამდე გავა. პირველი რიგის მშენებლობა და ექსპლუატაცია 2010-2014 წლებში მოხდება. მისი გამტარუნარიანობა 8 მლრდ კუბმეტრი იქნება, 2018 წლიდან კი "ნაბუკო" ევროკავშირს წელიწადში 31 მლრდ კუბმეტრ გაზს მიაწვდის.

თუ მემორანდუმის პირობები შესრულდა, პირველ ეტაპზე "ნაბუკოს" ასავსებად სავსებით ეყოფა თურქეთის მიერ სამხრეთ ფარსში ნაყიდი გაზი. გამორიცხული არ არის, რომ "ნაბუკო" გაცილებით ადრე აიგოს, ვიდრე მოსკოვის მიერ ლობირებული ალტერნატიული პროექტი "სამხრეთი ნაკადი".