ჩინეთი და აშშ ცდილობენ ომის თავიდან აცილებას - კვირის პალიტრა

ჩინეთი და აშშ ცდილობენ ომის თავიდან აცილებას

ჩინეთისა და აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელთა შორის მოლაპარაკება განახლდა. აშშ-ში ვიზიტით იმყოფება ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის

მოადგილე გენერალი სიუი ცაიჰოუ. ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან რობერტ გეიტსთან შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ ნაბიჯებს გადადგამენ სამხედრო დაძაბულობის შესანელებლად და შეიარაღებული კონფლიქტის რისკის შესამცირებლად.

გენერალ სიუის აზრით, მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ორი ზესახელმწიფოს შეიარაღებულ ძალთა შორის ნდობის ამაღლებას, მაგრამ, ამავე დროს, ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-მა წინააღმდეგობები შექმნა ამ ამოცანის გადასაჭრელად. ჩინელი გენერლის თქმით, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობის გაუმჯობესებას ხელს უშლის აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა. ამერიკის თვითმფრინავებისა და გემების შეჭრა ჩინეთის ეკონომიკურ ზონაში და ის ეჭვები, რომლებიც ვაშინგტონს აქვს ჩინეთის სტრატეგიასთან დაკავშირებით.

პენტაგონში აზრთა გაცვლა-გამოცვლის კომენტირებისას ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის წარმომადგენელმა ვაშინგტონში, კატონის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა თედ კარპენტერმა აღნიშნა, რომ ორ ზესახელმწიფოს შორის მაინც რჩება ფუნდამენტურ აზრთა სხვადასხვაობა. კარპენტერის აზრით, მოლაპარაკება მხოლოდ შეზღუდულ შეთანხმებას ითვალისწინებდა, რათა თავიდან იქნას აცილებული ინციდენტი, რომელიც შესაძლოა დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. ასეთი ინციდენტი წლის დამდეგს მოხდა, როცა ამერიკის მზვერავი გემი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ინფორმაციას აგროვებდა ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტზე. ის ალყაში მოაქციეს თევზსაჭერ ხომალდებად შენიღბულმა ჩინეთის ხომალდებმა. ჩინელმა მეზღვაურებმა "სტუმრები" წყლის ჭავლით აიძულეს, იქაურობას გასცლოდნენ. ამერიკელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ასეთი შეხლა-შემოხლა გახშირდება, რადგან ჩინეთის საზღვაო გემების რაოდენობა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში უფრო და უფრო იზრდება. ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობაში ყველაზე დიდი გამაღიზიანებელი ფაქტორია ამერიკის მიერ ტაივანის იარაღით მომარაგება. ვაშინგტონსა და ტაივანს 6,5 მლრდ დოლარიანი სავაჭრო გარიგება აქვთ დადებული. პეკინმა ამიტომ შეწყვიტა აშშ-თან დიალოგი სამხედრო სფეროში, ახლა კი დათანხმდა მოლაპარაკების აღდგენას, რადგან ვაშინგტონი დაჰპირდა,  ტაივანს აღარ მივყიდი იარაღსო. ტაივანს კი კვლავ სურს 66 გამანადგურებლის მიღება.

ექსპერტთა აზრით, აშშ ადრე ბატონობდა წყნარ ოკეანეში, ახლა კი ცხადი ხდება ჩინეთის სამხედრო ძლიერება, რაც, რა თქმა უნდა, პენტაგონს თვალში არ მოსდის.