აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს - კვირის პალიტრა

აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში  კონგრესმენებმა შუსტერმა და შვარცმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს. რეზოლუციის ტექსტი პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რეზოლუციის ტექსტში კონგრესმენები მხარდაჭერას უცხადებენ ამერიკის ძალისხმევას, გაზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით.

"მხარს ვუჭერთ საქართველოს სახელმწიფოს სურვილს, გააღრმაოს ორმხრივი ურთიერთობები აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე უსაფრთხოების, ეკონომიკური, პოლიტიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული, ხალხთა შორის კულტურული და სასწავლო გაცვლების მიმართულებებით", - ნათქვამია რეზოლუციაში.

გარდა ამისა, რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და აღნიშნავს, რომ ძალაშია ბუქარესტის სამიტის, სტრასბურგისა და ლისაბონის გადაწყვეტილებები საქართველოს გაწევრების შესახებ.

"ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მისი საზღვრების ურყეობას, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აუღიარებლობის პოლიტიკას", - ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მასთან ერთად მოუწოდებს ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს, შეცვალონ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

წარმომადგენლობითი პალატა ასევე მიესალმება საქართველოს "სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში" და მხარს უჭერს მშვიდობიან, კონსტრუქციულ, ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მმართველთა შორის, ასევე ხალხთა შორის კონტაქტებს.

"მივუთითებთ რუსეთსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მმართველებს, უზრუნველყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა სრული, ნებაყოფლობითი და უსაფრთხო დაბრუნება და დაუშვან საერთაშორისო მისიები აღნიშნულ რეგიონებში. ვაღიარებთ საქართველოს წინ გადადგმულ ნაბიჯებს და ვამხნევებთ, რათა მან განაგრძოს დემოკრატიის გაძლიერება და რეფორმების განხორციელება, რომლებიც გაზრდიან მედიის გამჭვირვალობასა და თავისუფლებას, მთავრობის გამჭვირვალობის გაზრდას, პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას, ხელი შეუწყოს თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციას და დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებს, სასამართლო დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის ამაღლებას და სასამართლო რეფორმების გაგრძელებას", - ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ კავკასიის რეგიონში აშშ-ის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაა, რადგან გრძელვადიანი სტაბილურობა რეგიონში მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით და მხარეებს შორის გრძელვადიანი, დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგით მიიღწევა.

"ინტერპრესნიუსი"