ვაშინგტონი აფხაზებსა და ოსებს ეპატიჟება - კვირის პალიტრა

ვაშინგტონი აფხაზებსა და ოსებს ეპატიჟება

საქართველოში ვიზიტით ყოფნისას ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, ცნოს ნეიტრალური პასპორტები, რომელთა გაცემა საქართველომ უკვე დაიწყო ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის. "ამით აშშ წვლილს შეიტანს ჩვენი პარტნიორის ტერიტორიაზე კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონის ამ განცხადებას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა და მას "აშშ-ის მხრიდან წარმოუდგენელი დიპლომატიური მხარდაჭერა" უწოდა. მის აღფრთოვანებას არ იზიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები.

ცხინვალში ადგილობრივმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ჰილარი კლინტონი ყოველგვარ ზღვარს გასცდა ნეიტრალურ პასპორტებზე საუბრით. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ კი თქვა: "ნეიტრალური პასპორტი ახალი ამბავი არ არის და მიუხედავად იმისა, რომ აშშ ახლო მომავალში ამ პასპორტებს მიიჩნევს ოფიციალურ დოკუმენტად, აფხაზები მაინც არ ისარგებლებენ ე.წ. "ნეიტრალური პასპორტებით". ცდილობენ, თავს მოგვახვიონ საქართველოს შსს-ს მიერ გაცემული "ნეიტრალური პასპორტები", სადაც აღნიშნულია საქართველოს კოდი და წერია ქვეყანა - "საქართველო" და მას ნეიტრალურად ასაღებენ. საქართველოს ჩვენი სრული იზოლირება უნდა. დაგეგმილი აქვს აფხაზეთის საგარეო ქმედებების და მისი მოქალაქეების კონტროლი".

"კომერსანტი", რუსეთი