ჩეხეთმა თავისი გაიტანა - კვირის პალიტრა

ჩეხეთმა თავისი გაიტანა

ბრიუსელში, ორდღიან სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ლისაბონის შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩეხეთის პირობების

მიღება. როგორც ცნობილია, ჩეხეთი იყო ევროკავშირის უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც არ დაასრულა ლისაბონის შეთანხმების პროცესი - პრაღა დამატებით გარანტიებს ითხოვდა. ახლა ლისაბონის შეთანხმების ძალაში შესვლას აღარაფერი ემუქრება. რა არ მოსწონდა ჩეხეთს ამ შეთანხმებისა?! "ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს არის ცუდი შეთანხმება და ჩემი მოსაზრება არასდროს დამიმალავს", - აცხადებდა ჩეხეთის ლიდერი ვაცლავ კლაუსი ბენეშის დეკრეტთან დაკავშირებით. ეს დეკრეტი, რომელსაც 1946 წელს მოეწერა ხელი, ჩეხოსლოვაკიაში მცხოვრები გერმანელებისთვის ქონების ჩამორთმევას და ქვეყნიდან მათ გაძევებას გულისხმობდა. ჩეხეთის მიერ ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიცირებას შესაძლოა გამოეწვია დეკრეტის გაუქმება, რასაც ქვეყნიდან განდევნილი მილიონობით გერმანელის სასამართლო საჩივარი მოჰყვებოდა.

ახლა ჩეხეთის მთავრობამ იგივე უფლებები მიიღო, როგორიც აქვთ დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთს - მათ შეუძლიათ არ შეასრულონ ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის ის ნაწილი, რომელიც ეხება ზოგიერთი შრომითი უფლების შესრულებას. ეს ნიშნავს, რომ განდევნილ გერმანელებს ჩივილის უფლება არ ექნებათ.

ლისაბონის შეთანხმებას ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა 2007 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. მასში განხილულია ევროკავშირის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის შემოღების საკითხი, აგრეთვე ევროკომისიის ფორმირების ახალი წესრიგი.