ქველმოქმედმა მილიარდერმა ქართული პოლიტიკა შეცვალა - კვირის პალიტრა

ქველმოქმედმა მილიარდერმა ქართული პოლიტიკა შეცვალა

მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უკვე ათი წელია, თავისი ქონების მეშვეობით ღარიბ ქართველებს ოცნებას უსრულებს, დღეს კი, მთის ფერდობზე, მის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში, ერთი დაუმთავრებელი სახლი დგას, რაც იმის მაუწყებელია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ივანიშვილის ქველმოქმედებას წერტილი დაესვა. აი, ასეთი საფასური უნდა გაიღოს 56 წლის მეწარმემ, რათა დასავლეთის რჩეულს, მიხეილ სააკაშვილს კონკურენცია გაუწიოს.

ივანიშვილმა უკვე შეცვალა კავკასიის ამ ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი იმით, რომ დანაწევრებული ოპოზიცია კოალიციაში გააერთიანა და სააკაშვილს მოულოდნელად მტკიცე კონკურენტად მოევლინა.„ის პრემიერმინისტრობას აპირებს. ამბობს, რომ პოსტზე ორი წელი დარჩება და მერე ადგილს პროფესიონალებს დაუთმობს. პირობას დებს, რომ განამტკიცებს ეკონომიკას ბიუროკრატიული კონტროლის შემცირებით, ბოლოს მოუღებს მონოპოლიებს და მოიზიდავს უცხოელ ინვესტორებს, გააუმჯობესებს ჯანდაცვას და სოფლის მეურნეობას, უფრო დამოუკიდებელს გახდის სასამართლო სისტემას და საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მეტ ტრანსპარენტულობას უზრუნველყოფს. ივანიშვილი აპირებს ეკონომიკის გამოცოცხლებას საკუთარი ქონების დახმარებით, რომელიც "ფორბსის" გათვლებით, 6,4 მილიარდ დოლარს უტოლდება.

სააკაშვილის მსგავსად, მას სურს, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ სჯერა, რომ სააკაშვილზე უკეთ შეძლებს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას. დასავლეთის მთავრობებისთვის სტაბილურობა ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც კასპიის ზღვიდან მომავალი ენერგეტიკული ტრანზიტული მარშრუტი გადის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ აირმა უნდა შეამციროს დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებზე.

ივანიშვილის საარჩევნო შანსები განამტკიცა სააკაშვილის პოპულარობის დაცემამ, თუმცა პრეზიდენტს მაინც ბევრი უჭერს მხარს, თუნდაც მის მიერ გატარებული ზოგიერთი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის გამო. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, "ქართული ოცნება" 20 %-ით ჩამორჩება სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ივანიშვილს უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობანი აქვს და მისი კოალიციაც ჯერ ახალია.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკური ძალის სტატუსში, მნიშვნელოვანია ოპოზიციისათვის, მაგრამ ეს არ აღელვებთ ქვეყნის ლიდერებს. თუმცა ასეთ კომენტარებს აცამტვერებს ის ბარიერები, რომლებსაც მთავრობა ივანიშვილს უქმნის. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მთავრობამ მალე გააცნობიერა თავისი რეაქციის ზედმეტი სიმწვავე და შეამსუბუქა წნეხი, რადგან შიშობდა, რომ ეს ივანიშვილის სასარგებლოდ იმუშავებდა. ახლა ისინი მილიარდერის შეცდომებს ელიან. დასავლეთს უნდა, რომ სააკაშვილმა გაისად, როცა მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, თავი აარიდოს პრემიერმინისტრობის ცდუნებას. ჭორვილელებისთვის კი არა აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიგებს არჩევნებს, ივანიშვილს იქ ყოველთვის გმირივით შეეგებებიან.

"რესპუბლიკა", აშშ