გეგმური დეპორტაცია - კვირის პალიტრა

გეგმური დეპორტაცია

ადამიანის უფლებათა დამცველი ევროპული სასამართლო რამდენიმე დღეში ჩაატარებს პირველ კენჭისყრას პირველ საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - 2006 წლის შემოდგომაზე ქართველთა მასობრივი გასახლების შესახებ.გასულ კვირას სტრასბურგში ამ საქმის ღია მოსმენები გაიმართა. ოფიციალური დადგენილება 6 თვეში გამოქვეყნდება. შესაძლოა, რუსეთი დამნაშავედ ცნონ, - იტყობინებიან სტრასბურგული წყაროები, თუმცა, გაურკვეველია, იპოვის თუ არა ადამიანის უფლებათა დამცველი ევროპული სასამართლო ამ საქმეში პოლიტიკურ სარჩულს, რასაც საქართველო ითხოვს. რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, - არალეგალთა გასახლება რეგულარული პრაქტიკა არისო, რაც გაკვრით დაადასტურა ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის უფროსმა კ. რომანდანოვსკიმ, როცა გამოაცხადა, - მზადდება რუსეთში კანონით მინიჭებული ვადის გადაცილების გამო დაკავებული 9 ათასი ქართველის დეპორტაცია. ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს შესთავაზა, - არ შემოიფარგლოს მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევის კონსტატირებით, არამედ აღიაროს, რომ ეს ყველაფერი "გარკვეულ პოლიტიკურ კონტექსტში ხდებოდა." ადამიანის უფლებათა ევროსაბჭოს რფ-ის წარმომადგენელმა გ. მატიუშკინმა კონფლიქტში პოლიტიკური სარჩულის არსებობა უარყო. "რუსეთის ხელისუფლებას არასოდეს დაუგეგმავს და განუხორციელებია დისკრიმინაციული აქტები ქართველების მიმართ. ჩვენ ეროვნული ნიშნით რეპრესიებს არ მივმართავთ, ჩვენ არალეგალ იმიგრანტებს ვებრძვით", -განაცხადა მან.

გაზეთის წყაროების ცნობით, სტრასბურგში მოსამართლეები რუსეთის მხარეს არ იხრებიან. "ცუდი ტენდენციაა, - მიაჩნია წყაროს, - ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია რუსეთს, არის ის, რომ ქართველების მასობრივ დეპორტაციას პოლიტიკური სარჩული არ დაედოს."

თუმცა, მოსკოვი მზად არის, მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ არალეგალთა (რომლებიც აფხაზეთიდან ლტოლვილები არიან) დეპორტაცია გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

რომადანოვსკიმ გამოაცხადა, რომ ამჟამად რუსეთში 9 ათასზე მეტი ქართველის ლეგიტიმურობა საეჭვოა და მალე ამ საკითხს სასამართლოები განიხილავენ.

"მოსკოვსკიე ნოვოსტი", რუსეთი