მომავლის ხედვა, თუ ძვირად ღირებული კაპრიზი? - კვირის პალიტრა

მომავლის ხედვა, თუ ძვირად ღირებული კაპრიზი?

ახალ ნაგებობათა მშენებლობების გახსნა საქართველოში ძირითადად შესაბამისი ღონისძიებით იწყება, ხანდახან სასულე ორკესტრის თანხლებითაც. საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა კი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მეომართა მემორიალის აფეთქებით დაიწყო, რაც ტრაგიკულად დამთავრდა - დაიღუპა ახალგაზრდა ქართველი ქალი, მისი 8 წლის ქალიშვილი და რამდენიმე კაცი დაშავდა.

სამი წელი გავიდა და შუშისგუმბათიანი დიდი შენობა, რომელიც სავსებით მოუხდებოდა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებულ მხატვრულ ფილმს, ისევ კამათის საგანია.

მშენებლობა 83 მლნ დოლარი დაჯდა და ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ამ გაღატაკებული ქვეყნისთვის ეს დიდი სისულელეა. მაგრამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობისათვის შენობა საქართველოს მომავლის ოცნებას წარმოადგენს. სააკაშვილისთვის ახალი პარლამენტი მოსკოვისთვის განკუთვნილი მძლავრი გზავნილია. ოპოზიციური ჯგუფების მტკიცებით, პარლამენტის მშენებლობა საიდუმლოებით იყო მოცული და სახელმწიფო სახსრებიდან პროექტისთვის "სრულიად არაგამჭვირვალედ" სულ ცოტა, 45.3 მლნ დოლარია გაღებული.

საიას ანგარიშის თანახმად, დოკუმენტები, რომელიც მათ მოითხოვეს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ქვეყანაში მოქმედი კანონების შესაბამისად, იმით დამთავრდა, რომ მიიღეს მხოლოდ დოკუმენტების ნაწილი... "მონიტორინგის დაწყებისთანავე ცხადი გახდა, რომ ინფორმაცია პარლამენტის მშენებლობაზე მთლიანად დახურული იყო,“- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში, - ამ სრულიად არაგამჭვირვალე პროცესს მივყავართ იმ სამართლიან დასკვნამდე, რომ 73.77 მლნ ლარი(?!) გაურკვევლად და შესაძლოა, კორუფციულადაც გამოიყენეს".“ჯგუფი აგრეთვე ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი გარიყავს ქვეყნის ოპოზიციას, რადგან სამრეწველო ქალაქ ქუთაისში გადატანილ პარლამენტს საპროტესტო გამოსვლებითა და მიმართვებით ვეღარ მოსთხოვენ ანგარიშს.

მაგრამ საქართველოს მთავრობა, რომელსაც ნაკლებად აღელვებს ოპონენტების აზრი, აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით მთლიანად წყვეტს კავშირს საბჭოთა ეპოქის არქიტექტურასთან, რომელიც დომინირებს თბილისში. რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, რომელიც ხელმძღვანელობს სამშენებლო სამუშაოებს, ამას წინათ, ადგილის დათვალიერებისას, უცხოურ მედიას განუცხადა, რომ შენობა მაღლა ასწევს საქართველოს თამასას ვიზუალური ხელოვნების განვითარების თვალსაზრისით.

სი-ენ-ენი, აშშ