"მას ფული უყვარს..." - კვირის პალიტრა

"მას ფული უყვარს..."

საქართველოში ე.წ. იჩქერიის რესპუბლიკის ყოფილმა საგანგებო წარმომადგენელმა ხიზრი ალდამოვმა, რომელიც თბილისიდან გროზნოში დაბრუნდა და ჩეჩნეთს პატიება სთხოვა, განაცხადა - 90-იან წლებში საქართველოს ხელისუფლება, ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით, "ბოევიკებს" რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების ჩატარებაში ეხმარებოდაო. "საქართველოში შექმნილი იყო ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც ყველაფერს კისრულობდნენ. რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ჩეჩნეთში მომხდარი ტერაქტების უმეტესობა სწორედ საქართველოდან ხორციელდებოდა", - განაცხადა ალდამოვმა. მისი თქმით, ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმ ხალხის მოსპობას შეეცადა, რომლებმაც "ბოევიკებზე" რაიმე იცოდნენ. "სააკაშვილი და სპეცსამსახურები აპირებენ ე.წ. იჩქერიის მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნას, რათა მათი მეშვეობით რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ და ჩეჩნეთში ტერორისტული დაჯგუფებები გაააქტიურონ, - ამბობს ალდამოვი, - მომავალი მთავრობა ჩაერთვება "პანკისის ჯამაათის" საქმიანობაში, რომელიც აშშ-ის და ახლო აღმოსავლეთის ფინანსური დახმარებით ტერორისტულ აქტებს აწყობდა ჩრდილოეთ კავკასიაში". ეფ-ეს-ბე არ გამორიცხავს, რომ ალდამოვი შეიძლება დასავლეთის სპეცსამსახურების აგენტიც აღმოჩნდეს, ამიტომ მას თვალყურს ადევნებენ, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა კადიროვმა კი უთხრა, - მიხარია, რომ შეცდომები აღიარე, მჯერა, ჩეჩენ ხალხს გამოადგებიო.

- საქართველოში დუდაევმა გამგზავნა 1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, სადაც აფხაზებთან და რუსებთან ერთად ჩეჩნებიც იბრძოდნენ. მითხრა, - საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველ აპარატს უნდა უხელმძღვანელოო. საქართველოში მყოფ ჩეჩნებსა და ქისტებს ვეხმარებოდი, შევარდნაძესთან კავშირიც მქონდა... ჩეჩნეთის მეორე ომის დროს საქართველოს ბევრი ლტოლვილი მიაწყდა, მათ შორის "ბოევიკებიც". საქართველომ მაშინ მხარი დაგვიჭირა. ჩემთვის არ უთქვამთ, რომ იარაღი ჰქონდათ, მაგრამ შესაძლოა ქართველები ამაშიც ეხმარებოდნენ.

ტერაქტები, რაც იმ დროს ჩეჩნეთსა და რუსეთში ხდებოდა, საქართველოდან იმართებოდა.

ჩემ გარდა ეს არავინ იცის. ამას საქართველოს სპეცსამსახურები აკეთებდნენ და აკეთებენ. სპეცოპერაციებს ხელმძღვანელობდა ქართული ანტიტერორისტული ცენტრი ლევან კენჭაძის მეთაურობით. მერე სააკაშვილმა ეს სტრუქტურა მოსპო და ყველა საკითხს კურირებდა გია გაბუნია (სწავლება გაიარა ცსს-ში, იყო საქართველოს კონტრდაზვერვის უფროსი). მან ერთ სტრუქტურაში შეკრიბა ყველა ჩეჩენი დევნილი, "ბოევიკი", შექმნა რამდენიმე ჯგუფი: შამილის, გელაევის, ისაბაევის (ჰუსეინი), ძმები აჰმადოვების და დავალებებს აძლევდა: ეს იყო, მაგალითად, ომის წამოწყება ან ვიღაცის მოშორება - უშვებდა ბასაევის ჯგუფს; ადამიანის გატაცება აჰმადოვის ჯგუფს ევალებოდა, ვიღაცის საიდუმლოდ გასანადგურებლად ისაბაევის ჯგუფს იყენებდა... მე იქ ვიყავი და ვხედავდი, რაც ხდებოდა, რამდენი უცხოელი მოიტაცეს. მათი ნათესავები შველას მე მთხოვდნენ. ყველაფერ ამას განაგებდა გია გაბუნია. სააკაშვილი რომ მოვიდა, იმედი მომეცა, ჩეჩნებს მიხედავს-მეთქი. ამის შემდეგ მალევე მოგვწამლეს მე, ჩემი შვილი და ბიძაშვილი. ეს მისმა სპეცსამსახურებმა გააკეთეს გაბუნიას მეთაურობით, თუმცა ბრალი რუსეთს დასდეს. მერე სააკაშვილმა მუსლიმანურ ქვეყნებში დაიწყო სიარული და მოლაპარაკებები, რომ იმ ფულს, რომელსაც მოჯაჰედებს საომრად აძლევდნენ, თვითონ გაანაწილებდა. მას ჩეჩნები არ უყვარს, მას ფული უყვარს...

"ვზგლიადი", რუსეთი