საქართველოს რუსეთის ჩარევის ეშინია - კვირის პალიტრა

საქართველოს რუსეთის ჩარევის ეშინია

რატომ გადაწყვიტა კრემლმა კავკასიაში თავისი სამხედრო წვრთნების შემოდგომაზე გადატანა, როცა ტრადიციულად ის ივნისში ტარდებოდა? - საქართველოში შეიარაღებული შეჭრის შესაძლებლობის შესაქმნელად, - ერთხმად პასუხობენ ქართველი პოლიტოლოგები და რუსი დისიდენტები. საბჭოთა კავშირის მონატრულ პუტინს, რომლის სამხედრო ძალებს 2008 წლის აგვისტოდან საქართველოს 20% დაპყრობილი აქვს, ამ ქვეყანაში გავლენის აღდგენა და მისი ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვის შეჩერება სურს, "მაგრამ უმიზეზოდ საქართველოში შეჭრას ვერ გაბედავს", - ამბობს პოლიტიკოსი ანდრეი პიონტკოვსკი. საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვა კი შიშობს, რომ კრემლი თავისი გავლენის ბერკეტებს გამოიყენებს შემოდგომაზე, არჩევნების დროს, და სამხედრო ავანტიურას განახორციელებს. არსებობს მეორე სცენარიც: ირანზე ისრაელის სამხედრო შეტევა, ექსპერტთა ვარაუდით, უკვე ამ შემოდგომაზეა მოსალოდნელი. ამ შემთხვევისთვის რფ-ის თავდაცვის სამინისტრო გეგმას ამზადებს, დარწმუნებულია ამ საკითხებში გაცნობიერებული სამხედრო ანალიტიკოსი პაველ ფელგენგაუერი. ანდრეი პიონტკოვსკი კი მიიჩნევს, რომ ირანთან ომი კავკასიაში მდგომარეობას გაართულებს. "თუ ისრაელი ირანს დასცხებს, პუტინი სომხეთში მდგარი რუსეთის ბაზებისკენ მისასვლელ გზას მოითხოვს და საქართველოს სამხედრო დერეფნის გახსნას აიძულებს", - ამბობს ანალიტიკოსი.

"რასაკვირველია, მოსკოვი არჩევნებში სააკაშვილის დამარცხებით დიდად გაიხარებს, მაგრამ ომი ირანში კრემლისთვის უფრო ხელსაყრელია. ამ შემთხვევაში სამხედრო ოპერაციების ფარგლებში მოსკოვი თავის კონტროლს დაუმორჩილებდა ადრე მისი გავლენის ქვეშ მყოფ კავკასიურ და კასპიის ყველა ქვეყანას და დასავლეთს წარუდგენდა, როგორც უკვე მომხდარ ფაქტს, ის კი თითს ვერ გაანძრევდა, რადგან ირანით იქნებოდა დაკავებული. გარდა ამისა, პატარა ძლევამოსილი ომით კრემლი რუსეთში მცხოვრებ ხალხს შემოიმტკიცებს, რაც დემოკრატიული მოძრაობის ნარჩენების განადგურების საშუალებას მისცემს. დაბოლოს, რუსეთის სამხედრო ქმედებებმა შეიძლება სააკაშვილის რეჟიმის რღვევა გამოიწვიოს", - მიაჩნია პაველ ფელგენგაუერს. შეიძლება ფელგენგაუერი ცდება, მაგრამ 2008 წელს მხოლოდ მან შეძლო საქართველოში რუსეთის შეჭრის პროგნოზირება.

"ფიგარო", საფრანგეთი