დემოკრატიის გადარჩენის დროა - კვირის პალიტრა

დემოკრატიის გადარჩენის დროა

ევროპული იმედები, რომელიც სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას უკავშირდებოდა, გააცრუა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სულ უფრო ავტორიტარულმა ქმედებებმა. 19 ივნისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა, საქართველოს მთავრობას მოუწოდა "მეტი პროგრესისკენ ტოლერანტული და პლურალისტური პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების გზაზე". 20 ივნისს გამოქვეყნებულ გაეროს ანგარიშში ლაპარაკია "ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისათვის შექმნილ დაშინებისა და დევნის ატმოსფეროზე". მთავრობამ არაფრად ჩააგდო ეს შენიშვნები და მეორე დღესვე დამოუკიდებელი საკაბელო ოპერატორების ათასობით თანამგზავრული თეფში დააპატიმრა. ამ ოპერატორების მიზანი სატელევიზიო საინფორმაციო სივრცეზე სახელმწიფოს ფაქტობრივი მონოპოლიის შერყევა იყო.

ამ შეტევის მთავარი სამიზნე მიხეილ სააკაშვილის სეფემოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილია. სააკაშვილის მთავრობამ ასევე მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავს ოპოზიციის დაფინანსების შესაძლებლობებს. მან ბიძინა ივანიშვილს 74 მლნ დოლარის ჯარიმა დააკისრა და დაამკვიდრა როგორც პერსონალური, ასევე პროფესიული დაშინების სისტემა ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობის მოხიბვლას ცდილობს, დასავლეთის ლიდერებს კი მისი პოლიტიკა აშფოთებთ. ევროკომისარმა შტეფან ფიულემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება მოითხოვა. თბილისში ყოფნისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასეთი გაფრთხილება გააკეთა: "საქართველოს უსაფრთხოება და ხანგრძლივი კეთილდღეობა უმეტესწილად თქვენი დემოკრატიის ხარისხზეა დამოკიდებული". ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გაისად გაზაფხულზე, ქართველებს პრეზიდენტის არჩევაც უწევთ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას, თუმცა გარკვევით მიანიშნა, რომ პრემიერმინისტრობას შეეცდება. არჩევნები რამდენიმე თვის შემდეგ იქნება, ფაქტები კი ცხადყოფს, რომ მმართველმა პარტიამ უკვე მოასწრო მისი მოპარვა ქართველი ხალხისთვის, რადგან უარი უთხრა მათ რეალური არჩევანის უფლებაზე. ევროკავშირს მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს საქართველოს წინააღმდეგ იმ ფონზე, როდესაც ის იწყებს მოლაპარაკებებს ახალ შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ამან იმის გარანტიები უნდა შექმნას, რომ "ვარდების რევოლუციის" დროს ჩასახული იმედები, რომელიც თავისუფლებასა და დემოკრატიას უკავშირდებოდა, დავიწყებას არ მიეცემა რევოლუციის ზოგიერთი ინიციატორის ქმედებების გამო.

"მონდი", საფრანგეთი