"რუსეთის ჯარები გავლენ!" - კვირის პალიტრა

"რუსეთის ჯარები გავლენ!"

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს "იმაზე ადრე დატოვებენ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია". საქართველოს ლიდერს არც კონკრეტული თარიღი დაუსახელებია და არც ის, რა საფუძველი აქვს ამ განცხადებას. "სწორედ ამის შემდეგ მოხერხდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოწესრიგება", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა 26 ივნისს, სტამბოლში, შავიზღვისპირეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე. რუსეთის ხელისუფლებას კი დაუჟინია, - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მოგვარდებაო.

სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს და ქართველ ხალხს კი სურთ, რაც შეიძლება მალე აღდგეს ჩვენ შორის ურთიერთობა. აფხაზურ მხარეს მიაჩნია, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარება მხოლოდ ხელისუფლებაში ქართული ოპოზიციის მოსვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. "ჩვენ გვჭირდება უფრო პრაგმატული მოსაუბრე, მაგალითად, ისეთი, როგორიც ირაკლი ალასანიაა ან პოლიტიკაში ახლახან შესული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი საქმიანი კაცია და ალბათ საკმარისად პრაგმატული საიმისოდ, რომ ყველასათვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს", - განუცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ იტალიელ ჟურნალისტებს. "ალასანია ის კაცია, ვისთანაც ლაპარაკი შეიძლება. ის კონსტრუქციული პარტნიორია, ჩვენ მას პატივს ვცემთ და საერთო ენასაც ყოველთვის ვპოულობთ", - ასე დაახასიათა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი 2008 წელს აფხაზეთს საგარეო საქმეთა უწყების მაშინდელმა უფროსმა სერგეი შამბამ. შამბას თქმით, ალასანიას კონფლიქტის დარეგულირების გეგმა ჰქონდა, რომელიც 2008 წლის მაისში სოხუმში ვიზიტისას გააცნო, მაგრამ საქართველოს მთავრობამ მხარი არ აუბა. "ალასანიას გეგმა რომ განხორციელებულიყო, გარწმუნებთ, აგვისტოს მოვლენები არ მოხდებოდა, საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაც სხვანაირი იქნებოდა", - სჯერა შამბას.

პოლიტოლოგ გიორგი მჭედლიშვილის აზრით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში რუს და ქართველ ლიდერთა დაპირისპირება დიალოგით შეიცვლება, ხოლო მოსკოვი-თბილისის ურთიერთობა იმ შემთხვევაშიც დათბება, თუკი საქართველოს ახალი ხელისუფლება თავის წინამორბედთა კურსს გააგრძელებს.

"ამერიკის ხმა", აშშ