ბრიუსელმა რეფორმებს მხარი დაუჭირა - კვირის პალიტრა

ბრიუსელმა რეფორმებს მხარი დაუჭირა

ევროსაბჭოს თავმჯდომარე გერმან ვან რომპეი საქართველოს ეწვია და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს რეფორმები, ოქტომბერში დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს და რუსეთთან ურთიერთობა მოაწესრიგოს. ევროსაბჭოს თავმჯდომარის ვიზიტმა თბილისში სულ რამდენიმე საათს გასტანა, საქართველოს პრეზიდენტთან დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა: "მეტი რეფორმა - მეტი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ურთიერთობაში. ამაზეც მეტყველებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაწყებული მოლაპარაკებები ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობაზე, უვიზო რეჟიმსა და ასოცირებულ წევრობაზე. თქვენმა ქვეყანამ უნდა იამაყოს იმით, რასაც ამ მოკლე ხანში მიაღწია, მაგრამ ევროინტეგრაციისთვის აუცილებელია რეფორმების გაგრძელება". მისი აზრით, საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა, მაგრამ ამავე დროს ნათლად მიანიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დამოკიდებული იქნება ორ ფაქტორზე - ოქტომბერში დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირებაზე.

ევროსაბჭოს მეთაურმა თავისი გამოსვლის უდიდესი ნაწილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას დაუთმო. "თქვენ უნდა მოძებნოთ რუსეთთან ურთიერთობის გზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობისთვის. რუსეთის მსო-ში შესვლაზე თანხმობის მიცემით, თბილისმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს მიღწევების ინდიკატორი იქნება", - თქვა ბატონმა რომპეიმ.

"კომერსანტი", რუსეთი