კახი კალაძე მთავრობას უპირისპირდება - კვირის პალიტრა

კახი კალაძე მთავრობას უპირისპირდება

მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი კახი კალაძე დღეს თავის ყველაზე მწვავე ოპონენტს, საქართველოს მთავრობას უპირისპირდება და მისი გადაყენების კამპანიაშია ჩართული.

"როდესაც ვთქვი, ჩემი საფეხბურთო კარიერა დასრულდა-მეთქი, დავძინე, რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ ახლა იწყებოდა", - განაცხადა ფეხბურთიდან ახლახან წასულმა მცველმა.

იტალიის "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული 34 წლის კახი კალაძე შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად, რომელსაც მილიარდერი ხელმძღვანელობს, მაგნატი, რომელმაც პირობა დადო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიას დაამარცხებს. "ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე. ჩემს ქვეყანაში დიდი უსამართლობაა, ბევრი ადამიანი საშინელ პირობებში ცხოვრობს", - ამბობს კალაძე.

ბოლო დროს დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა, რადგან "ქართული ოცნების" უმდიდრესი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ათობით მილიონი დოლარით დააჯარიმეს ბრალდებით - თითქოს გამარჯვებისკენ გზის ყიდვას ცდილობდა. "ეს ყველაფერი ხელისუფლების შიშის შედეგია...„ის, რასაც ჩვენ ვეჯახებით, უკანონო და უსამართლოა... პოლიტიკაში ბევრად მეტი გამოწვევაა, ვიდრე სპორტში", - ამბობს ის და დასძენს, რომ "წინ რთულ მატჩებს ელოდება" - მთავრობასთან, რომელიც არ აპირებს ხელისუფლებიდან წასვლას.

ახლახან მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, - ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში კრემლიდან უზარმაზარი რუსული ფული მოდისო. კალაძე ამბობს, რომ "აბსურდია“ოპოზიციის დახასიათება "პუტინის ადამიანებად", მაგრამ ამავე დროს დაბეჯითებით ამტკიცებს, თუკი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება გვინდა, რუსეთთან ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდესო.

უმწვავესი წინასაარჩევნო ბრძოლის გარდა, კალაძე პროსამთავრობო ტელევიზიამ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირში დაადანაშაულა ცოტა ხნის წინ გასულ სიუჟეტში, რომელსაც კალაძე "იაფფასიან ცილისმწამებლურ კამპანიას" უწოდებს. "მაფიასთან საერთო არაფერი მაქვს, არც მქონია და არც მექნება", - თქვა მან.

ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის უჩვეულო არ არის ამომრჩეველთა მოსაზიდად კანდიდატებად ცნობილი ადამიანების შეთავაზება, ამიტომ მართებულია, რომ კახი კალაძე თავისი მშობლიური სამტრედიის რაიონის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.

"ის იქ დიდი გმირია და არ გამიკვირდება, თუკი გაიმარჯვებს", - ამბობს ანალიტიკოსი გია ნოდია.

"ფრანს პრესი", საფრანგეთი