პრემიერად - პრეზიდენტის საკვანძო მოკავშირე - კვირის პალიტრა

პრემიერად - პრეზიდენტის საკვანძო მოკავშირე

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი უახლოესი თანამებრძოლი, შსს-ს მეთაური ვანო მერაბიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. თბილისში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში გადაადგილებები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტიის პოზიციების გასაძლიერებლად კეთდება. ახალ პრემიერს  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შემცვლელად მიიჩნევენ. ვანო მერაბიშვილის წარდგენისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "საპარლამენტო არჩევნების წინ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობის შეგრძნება, განვითარება კი ყველასათვის საგრძნობი გახდეს".

არსებობს სხვადასხვა ვარაუდი, თუ რამ აიძულა პრეზიდენტი, პრემიერად შსს-ს მეთაური დაენიშნა. ერთნი თვლიან, რომ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ მთავრობას აძლიერებს თავის მთავარ მოწინააღმდეგესთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან შეტაკებისთვის. ზოგი კი ფიქრობს, რომ სააკაშვილმა თავისი მემკვიდრე დანიშნა, რომლის ხელშიც გადავა მთელი ძალაუფლება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად ვეღარ გადაარჩენს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას.

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა შარშან, როდესაც პირველ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებდა, მერაბიშვილს კარგი მენეჯერი და ორგანიზატორი უწოდა, მაგრამ მილიარდერს დღეს აზრი შეეცვალა მასზე,M ვინაიდან მერაბიშვილი არ იღებს "ადეკვატურ გადაწყვეტილებებს".

"მერაბიშვილსა და მთავრობის სხვა წევრებს ვურჩევდი, დროულად მოვიდნენ გონს და დაემორჩილონ კანონსა და საკუთარი ხალხის ნებას", - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს ახალმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა. მეთვალყურეთა აზრით, ცვლილებები მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათისაა და ოქტომბრის არჩევნების წინ პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდის შესაჯანჯღარებლად კეთდება. მთავარი ცვლილებები საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს შეეხო. თავდაცვის მინისტრად დაინიშნა დიმიტრი შაშკინი, სააკაშვილის მთავრობაში ერთადერთი ეთნიკურად რუსი. მანამდე ის განათლების მინისტრი იყო და სკოლებში მანდატურების - სასკოლო პოლიციელების ინსტიტუტის დანერგვით გაითქვა სახელი. მისი კომპეტენტურობა თავდაცვის სფეროში ექსპერტებს აეჭვებთ. "შაშკინს არასოდეს ჰქონია შეხება თავდაცვის სფეროსთან. ასე რომ, მისი დანიშვნა საეჭვო გადაწყვეტილებაა", - ამბობს სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი.

შს მინისტრად ბაჩანა ახალაიას დანიშვნას ექსპერტები და პოლიტიკოსები ყველაზე ნიშანდობლივად მიიჩნევენ. "ახალაიას შს მინისტრად დანიშვნით პრეზიდენტმა მიგვანიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე უშუალო კონტროლის შენარჩუნებას აპირებს, - განაცხადა ექსპერტმა იოსებ ცისკარიშვილმა, - სხვა საქმეა, მერაბიშვილს ამ პოსტზე საკუთარი გარემოცვიდან ვინმე რომ წარედგინა".

ყოფილი თავდაცვის მინისტრის შსს-ს მეთაურად დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი ძალოვან სტრუქტურებს ანდობს მხოლოდ ერთგულ თანამებრძოლებს.

ბი-ბი-სი, რუსეთ