სააკაშვილი პუტინს არ მიჰბაძავს - კვირის პალიტრა

სააკაშვილი პუტინს არ მიჰბაძავს

ყველასთვის მოულოდნელი იყო ნაბიჯი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადადგა - შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო კანონპროექტი პრემიერის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ; ესტაფეტა გადაცემულია. ჩანს, სააკაშვილი პუტინს არ მიჰბაძავს.

მერაბიშვილი, შეიძლება ითქვას, საქართველოს მთავრობაში მეორე, ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიციის ეფექტიან რეფორმებს და ნულიდან დაწყებული მწყობრი პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნევა. მის სახელს უკავშირდება როგორც დანაშაულის შემცირება, ასევე ოპოზიციის საპროტესტო აქციების დარბევაც.

მერაბიშვილი ამბობს: - დაგეგმილი მაქვს, ვებრძოლო უმუშევრობას, ისევე, როგორც მრავალი წელი ვებრძოდი დამნაშავეობასა და კორუფციასო. წინამორბედი პრემიერ-მინისტრების სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებიც კარგად გამოიყურებოდა მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ მიზნისაგან სინამდვილეში შორს იყო. განსხვავება ისაა, რომ დღესდღეობით, მთავარმა ოპოზიციონერმა ივანიშვილმა ცეცხლი შეუნთო სააკაშვილის მთავრობას. მერაბიშვილმა ისიც კი აღიარა, რომ ”მთავრობამ ძალიან ცოტა რამ იცის უმუშევრობის პროგრამის შესახებ. მანვე სასწრაფოდ შექმნა დასაქმების ახალი სამინისტრო. ზოგიერთი აღნიშნავს, რომ მერაბიშვილი თანამდებობრივად დაქვეითდა, რაც უაზრობაა. სხვები მერაბიშვილის ზემოაღნიშნულ პროგრამას საეჭვოდ, ყბედობად მიიჩნევენ, ივანიშვილისადმი პოპულისტურ პასუხად თვლიან. ივანიშვილი კი ამბობს, რომ "მერაბიშვილის დანიშვნა ვერ იხსნის ამ ხელისუფლებას". ნაწილობრივ მართალიცაა, რადგან დანიშვნა თავისთავად აბსურდია, თუკი მთავრობა არ შეასრულებს თავის მიზნებს სამუშაო ადგილების შექმნის სახით. მერაბიშვილის დანიშვნა იმის მაუწყებელია, რომ საკითხის უგულებელყოფიდან 8 წლის შემდეგ, მთავრობა ამჯერად უკვე სერიოზულად ფიქრობს არსებულ პრობლემაზე.

"მოსკოუ ტაიმსი", რუსეთი