საქართველოში არჩევნებს ეუთო დააკვირდება - კვირის პალიტრა

საქართველოში არჩევნებს ეუთო დააკვირდება

ცოტა ხნის წინ საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ესტუმრა. თბილისში მისი ოფიციალური ვიზიტი მას შემდეგ შედგა, რაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მონაკოში მიღებულ რეზოლუციაში რუსეთის ჯარების ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში "ოკუპაცია" უწოდა. საქართველოში ეს ფორმულირება ადგილობრივი დიპლომატიის დიდ წარმატებად მიიჩნიეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივად  იბრძოდნენ იმისათვის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტში საქართველოს ყოფილი ავტონომიების რეალობა სწორედ ასეთი ტერმინით დაფიქსირებულიყო. მაგრამ შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხეს. რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ლამბერტო ზანიერთან დაიწუწუნა, - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნება" მუდმივ სანქციებს განიცდის და "შერჩევითი მართლმსაჯულებისგან" ზარალდებაო. ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ ლამბერტო ზანიერიმ ხელისუფლებას მოუწოდა, "არჩევნების ყველა მონაწილისთვის უზრუნველყოს თანაბარი უფლებები და თამაშის სამართლიანი წესები". თან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი არჩევნები იქნება "გამჭვირვალე და დემოკრატიული".

საქართველოს თხოვნით, ეუთომ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში არჩევნების მონიტორინგისთვის 350 მოკლევადიანი და 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი გაგზავნოს. დამკვირვებლები საქართველოში აგვისტოში ჩავლენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის ცნობით, ეუთოს გენერალური მდივნის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას, ერთ-ერთი თემა ქვეყანაში საველე მისიის შესაძლო დაბრუნების საკითხი იყო. ეს მისია 2003 წლის შემდეგ შეწყდა, რადგან თბილისი და მოსკოვი ვერ შეთანხმდნენ მის სტატუსსა და სახელწოდებაზე: "ეუთოს მისია საქართველოში", თუ "ეუთოს მისია სამხრეთ ოსეთში..." "ეუთოში საბერძნეთის თავმჯდომარეობისას, ჩვენ დავეთანხმეთ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას, რომ საქართველოში გაეგზავნათ ე.წ. სტატუს-ნეიტრალური მისია, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ გეოგრაფიულ ტერმინებით და არ მოიხსენიება იმ ტერიტორიის სტატუსი, სადაც მუშაობს. მაგრამ ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით მოსკოვის მოთხოვნას, რომ ეუთომ ორი მისია გამოგზავნოს, ერთი საქართველოში, მეორე - სამხრეთ ოსეთში", - აცხადებს კაპანაძე.

"კომერსანტი", რუსეთი