ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ... - კვირის პალიტრა

ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ...

ამას წინათ სომხეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. საკვირველია, მაგრამ ამ ვიზიტმა შეუმჩნევლად ჩაიარა, არადა, საქართველო ხომ სომხეთის სტრატეგიული მეზობელია, თანაც თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დროდადრო სომხურ-ქართული წინააღმდეგობები ამოტივტივდება ხოლმე, ვიზიტებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, თუ რეგიონული განვითარებით ისინი ერთი ჯაჭვის რგოლები არიან. მეზობლები, რომელთაც ისეთი სერიოზული პრობლემა აქვთ, როგორიც ჯავახქია, ერთმანეთის მიმართ ზედმიწევნით კონკრეტულები უნდა იყვნენ, თავი აარიდონ ორმაგ თამაშსა და ორმაგ სტანდარტებს.

ორივე მხარე აცხადებს, - მოლაპარაკებით ყველანაირი პრობლემის მოგვარება შეიძლებაო. ეს არაფრისმთქმელი განცხადება მეტყველებს ქართულ-სომხური ურთიერთობის ამორფულობასა და სტრატეგიული პროგნოზირებისა და სტაბილურობის დაბალ დონეზე.

სომხეთის პოლიტიკური კლასის დღის წესრიგში საქართველო საერთოდ არ მოიაზრება. ხმოვანდება სომხურ-თურქული, სომხურ-ირანული, სომხურ-რუსული, სომხურ-ამერიკული ურთიერთობების პოზიციები. კონცეფციური აზრი სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე კი არ არსებობს. ეს იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკური კლასი დღის წესრიგს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებითა და პასუხისმგებლობით კი არ აგებს, არამედ სხვადასხვა კლიშესა და გეოპოლიტიკური მოდიდან არჩამორჩენის პროვინციულ მისწრაფებებზეა ორიენტირებული. შესაძლოა, იგივე ხდება საქართველოშიც, მაგრამ სომხეთისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ამ შემთხვევაშიც სომხეთს რაციონალური და ადეკვატური მიდგომა მართებს. გარდა ამისა, ხანდახან ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სხვადასხვა მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად, არსებობს მოლაპარაკება, რაც შეიძლება დიდხანს არ გახდეს საჯარო სომხურ-ქართული ურთიერთობა. მაგრამ თანამედროვე პოლიტიკური ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ასეთი მიდგომა საკითხისადმი სანდო არ არის. არადა, სომხეთსა და საქართველოს სალაპარაკო ბევრი აქვთ, დროდადრო პრობლემებიც უნდა განიხილონ. ყოველ შემთხვევაში, სომხეთი ვალდებულია, მუდმივად იყოს ჩართული მოლაპარაკებათა პროცესში ურთიერთობის მისეული სპექტრისა და ცალკეული პრობლემების გამო - ჯავახეთით დაწყებული, საეკლესიო პრობლემებით და რეგიონული თანამშრომლობით დამთავრებული. საქართველოს სხვა გზა არ აქვს, ან სომხეთთან უნდა იყოს, ან უაზროდ განაგრძოს მანევრირება სატრანზიტო ქვეყნის სტატუსით და გახდეს თურქეთ-აზერბაიჯანის "მონაკვეთი", რომელსაც თურქები ადრე თუ გვიან რუსეთს გადასცემენ იჯარით. თბილისისთვის დასავლეთის იმედად ყოფნა უაზრობაა, რადგან დასავლეთის რეგიონული პოლიტიკის ღერძი სომხეთია, საქართველო - სათადარიგო ვარიანტი. გასულმა 7-8 წელმა ცხადყო, ამ ვარიანტის ეფექტიანობის მიუხედავად, სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტა საკვანძო ღერძის უქონლად არაპროდუქტიულია.

ლრაგირი, სომხეთი