ბიძინა ივანიშვილი: "როგორ ავაშენებდი მშვიდობას კავკასიაში" - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი: "როგორ ავაშენებდი მშვიდობას კავკასიაში"

8 აგვისტოს აღინიშნება მეოთხე წლისთავი საქართველოსა და რუსეთს შორის ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ომისა, რომელმაც საბოლოო ჯამში რუსეთის მიერ  ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. სამწუხაროდ, განვლილმა  წლებმა მშვიდობა უფრო რეალური ვერ გახადა. მდგომარეობა მწვავდება რეგიონში, სადაც XXI საუკუნის პრობლემებს XIX საუკუნის ინსტიტუციებით ხვდებიან და ეს ყოველივე XVI საუკუნის სიძულვილით არის გაჟღენთილი. რატომ უნდა ადარდებდეს ეს ვინმეს ამ რეგიონის გარეთ? ეს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის ევროპისა და შეერთებული შტატების მზარდ ინტერესებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ჩვენ უკვე აღარ ვართ ცალკე მდგომი იზოლირებული, მიყრუებული მთიანი საგუშაგო. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, გავხდეთ კერა რუსეთისა და ცენტრალური აზიის განახლებული ურთიერთობებისა ირანთან, თურქეთთან და დასავლეთის ქვეყნებთან. აქ არის ძალიან დიდი შესაძლებლობა მდგომარეობის გაუარესებისა, რომელიც გავლენას მოახდენს ენერგეტიკულ მარაგებსა და სხვა მრავალ საკითხზე.

რუსეთი აგრძელებს ისტორიული მტრობის გაღვივების პოლიტიკას, რომ არამდგრადი მდგომარეობა შეინარჩუნოს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ვლადიმირ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია, როდესაც ჩვენი ქვეყნის უშიშროების პროგრამას საფუძვლად დაუდო წარსულის ტერმინოლოგია, მაგალითად, დაპირება, რომ აუცილებლად დაანგრევს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ "ბერლინის ახალ კედელს".

საბედნიეროდ,  საქართველოს შეუძლია ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოყვანა 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ. თუ აგვირჩევენ, ჩემი კოალიცია "ქართული ოცნება" თავს აარიდებს "ცივი ომის" რიტორიკას და უკეთესად მოახერხებს ჩვენს რეგიონში ფეთქებადსაშიში სიტუაციის რეალური მიზეზების განეიტრალებას.

უპირველესად, ჩვენ ყურადღებას დემოკრატიაზე გავამახვილებთ. როგორც ეს შესანიშნავად აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ივნისში ჩვენს ქვეყანაში სტუმრობისას:„საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება და წინსვლა უმეტესწილად დამოკიდებული იქნება დემოკრატიის ხარისხზე  თქვენს ქვეყანაშიო.“

საქართველოში ამჟამად არ არსებობს მოქმედი სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ მძიმე ტვირთად გვაწევს იგივე ავტორიტარული ერთპარტიული მოდელი, რომელმაც დამანგრეველი შედეგი მოუტანა სხვა პოსტსაბჭოთა საზოგადოებებს.

სუსტი და გაყოფილი ქართული ოპოზიციური მოძრაობა მხეცურად იქნა ჩახშობილი წარსულში. სწორად ამიტომ მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ისე დავეხმარე ექვს პარტიას, საკუთარი ძალა "ქართული ოცნების" კოალიციაში გაერთიანებით მოეპოვებინათ. უკანასკნელი გამოკითხვები უჩვენებს, რომ ჩვენი კოალიცია, ხელისუფლების თანაბრად, გვერდიგვერდ მიდის ოქტომბრის არჩევნებისაკენ. თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, მწამს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ - დემოკრატია გაიმარჯვებს.

"ქართული ოცნება" ერთგულია დასავლეთთან პარტნიორობის პრინციპებისა, რადგანაც ვაღიარებთ დასავლეთის ღირებულებებს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, გავხდეთ ევროპული და ატლანტიკური ორგანიზაციების შემადგენელი ნაწილი. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი იმის შესრულება, რასაც ახლანდელი ხელისუფლება იჩემებს - გავათავისუფლოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ასევე მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს მეგობრებთან, რათა საქართველოში თავდაცვის მძლავრი სისტემა ავაშენოთ.

მაგრამ აქ მთავრდება ჩვენი შეხედულებების მსგავსება. ჩვენ ვაპირებთ, თავი დავანებოთ იარაღის ჟღარუნსა და მუქარას და ვაღიაროთ, რომ საქართველო პატარა რეგიონული ძალაა ძალიან სახიფათო სამეზობლოში. არანაირი მდგრადი მომავლის აშენება არ მოხერხდება, თუ ჩვენს სამხედრო პოტენციალს რუსეთის ან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ მივმართავთ.

თუ კავკასიის კუბა გავხდებით, ჩვენი მომავლის იმედი დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის თაობაზე, სამუდამოდ დასამარდება.

რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით მტკიცე და შეურყეველი. ჩვენ ისევე მიზანდასახულად ჩავუყრით ახალ  საფუძველს მშვიდობას, როგორც ეს ამერიკამ გააკეთა ბალკანეთში ომის დასრულებისათვის. ისტორიული მტრობის პრობლემის გადასაჭრელად გამოვიყენებთ სამხრეთ აფრიკის გამოცდილებას, რუსეთსა და პოლონეთს შორის დიალოგის გამოცდილებას, უფრო მეტად ვიხელმძღვანელებთ თავად ევროკავშირის გამოცდილებით. ჩვენ ასევე შევისწავლით გერმანიის გამოცდილებას დემოკრატიის მშენებლობის საქმეში განვითარების დახმარების მეშვეობით.

ჩვენი დიალოგი რუსეთთან იქნება მტკიცე და პრინციპული. ჯერ კიდევ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმ საკითხის გარშემო, თუ რომელი ერი იყო პასუხისმგებელი აგვისტოს ომის დაწყების საკითხში. კონფლიქტი დაიწყო იმ ქსენოფობიური და კონფრონტაციული სტილის გამო, რომელიც დამახასიათებელია ორივე სახელმწიფოს ხელისუფლებისათვის. თუ შევძლებთ შეთანხმებას, რომ შეცდომები ორივე მხარიდან იყო დაშვებული, ეს უკვე ნიშნავს,  რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა.

როგორც ჩანს, ზოგიერთ უცხოელ დამკვირვებელს ურჩევნია, მოსკოვსა და თბილისს შორის დემოკრატიული დიალოგის ბუნდოვანებას ისევ მათთვის ცნობილი სამხედრო ჩიხის - გამოუვალი მდგომარეობის არსებობა. ნება მომეცით, დავარწმუნო ჩვენი მეგობრები:

არ ვაპირებთ ჩვენი თავდაცვითი სისტემების განიარაღებას, პირიქით, უფრო ჭკვიანურად ვაპირებთ მათ გამოყენებას.

საბჭოთა კავშირსა და რუსეთში გატარებულმა ოცმა წელიწადმა მასწავლა ყოველგვარი ილუზიების გარეშე მკაცრ პოლიტიკასთან გამკლავება ცდისა და შეცდომის მეთოდის გამოყენებით.

ვინც თვლის, რომ  ჩვენი ახალი სტილი რუსული შეთქმულების ნაწილია, საქართველოს გადაწყვეტილების შესასუსტებლად, მინდა მათი ყურადღება მივმართო იმ კონფლიქტებისაკენ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მძვინვარებს. თუ მშვიდობისა და თავისუფლების მცირეოდენ იმედსაც არ დავუტოვებთ, ჩვენს საზოგადოებაში თანდათანობით იფეთქებს შიდა ომები. ქვაბი უკვე თუხთუხებს - მდგომარეობა დაძაბულია.

კავკასიაში შესაძლოა დაიწყოს სირიის მსგავსი მცირე ომები.

და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთიც და ირანიც ჩვენი უშუალო მეზობლები არიან, არც ერთ ჩვენგანს  ნამდვილად არ უნდა სურდეს ასეთი რისკის საკუთარ თავზე აღება.

"უოლ სტრიტ ჯურნალი", აშშ